Placeholder canvas
ახალი ამბები

ივანიშვილის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე



პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოდის 23 აპრილი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 23 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ რთული დასაწყისის მიუხედავად, ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი თვის თავზე ქვეყანამ „უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი“.

ეს ივანიშვილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო საერთაშორისო ფორუმზე, რასაც მოყვა კითხვები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი დეპუტატების მხრიდან. პრემიერ–მინისტრის გამოსვლას PACE-ში სამი თვით ადრე წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა იმავე ტრიბუნიდან. 

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს „პრაქტიკულად ყველა სფერო მმართველი ელიტის კონტროლქვეშ  იყო“ და „აბუჩად იყო აგდებული ქვეყნის უმთავრესი კანონი – კონსტიტუცია და ის, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის ამბციებს იყო მორგებული“.

„ელიტარული კორუფცია ბიზნესის განვითარების არავითარ საშუალებას არ იძლეოდა;  იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები; ზეწოლა ხდებოდა არამხოლოდ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე; მედია თითქმის სრულად იყო კონტოლირებადი“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გავაგრძელებთ წინა ხელისუფლების მიერ მმართველობის პირველ წლებში წამოწყებული რეფორმების იმ მცირე ნაწილს, რომელიც სასიკეთო იყო ქვეყნისთვის, მაგრამ ვალდებული ვართ, უკანასკნელ წლებში ავტორიტარულ სტრუქტურებად ქცეული ინსტიტუტები თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტებით შევცვალოთ“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ „სამართლიანობის აღდგენა“ დაიწყო, რაც, მისი თქმით „მოქალაქეებს დაუბრუნებს ღირსების გრძნობას, მოუშუშებს იარებს და გაუნელებს რისხვას“. 

„ეს კი გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემას ყველა სათანადო სამართლებრივი პროცედურის სრული დაცვით, მაგრამ  გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ათასობით საქმის ერთგული საჯარო მოხელე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მსახურობდა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა ძალ–ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ „ჩვენი  სტრატეგია სრულიად გამჭვირვალე იყოს და ხელი შევუწყოთ დასავლური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში“. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი თხოვნით, ევროკავშირმა საქართველოში ევროპის საბჭოს  ადამიანის უფლებათა დაცვის ყოფილი კომისარი თომას ჰამარბერგი მოავლინა „როგორც სპეციალური მრჩეველი სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით“. მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთო წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს ახორციელებს.

მან განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვს თვეში, კოალიცია ქართულმა ოცნებამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. ბოლო კვლევაზე დაყრდნობით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის მთავრობას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს.

პრემიერის განცხადებით,  „სტაბილურად მივიწევთ წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე შეიმჩნევა მცირე წინ გადადგმული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში“.

 „ალბათ, ყველაზე იმედის მომცემი გახლავთ ის, რომ რთული დასაწყისის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირისაგან მიღებული გაკვეთილების ცხოვრებაში გატარებას ყოფილ მოწინააღმდეგეებთან კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი“, – დასძინა ივანიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობები

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართალია ევროპამ ბევრს მიაღწია მშვიდობის დამკვირდების კუთხით, მაგრამ „ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს“.

„მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული“, – განაცხადა მან. „სამწუხაროდ, კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება ჩვენს რეგიონში. უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა“.

ივანიშვილმა გაიმეორა, რომ „საქართველოს დასავლური ორიენტაცია – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არა აქვს“.

„ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება მისი "დიდი ოცნებაა".

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დიალოგი, რომელიც საქართველოს რუსეთთან უნდა ჰქონდეს, „განსაკუთრებული გამოწვევაა“.

მისი თქმით, მისი მთავრობის მიდგომა რუსეთის მიმართ „პრაგმატულია“ და პოლიტიკა ამ კუთხით იქნება „კორექტული, მაგრამ პრინციპული“.

"ამ რთულ პროცესში, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ ევროპელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა", – განაცხადა ივანიშვილმა, "თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას".

„ჩვენ ორივე მხარეს გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2010 წელს გაკეთებული დაპირება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თან იქვე დასძინა, რომ ანალოგიური დაპირება აისახა რეზოლუციაში საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური კურსის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის მარტში მიიღო.

როდესაც პოლონელმა დეპუტატმა ზბიგნევ გირჟინსკიმ უთხრა ივანიშვილს, რომ „თქვენ არ მოგწონთ პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან მოგწონთ რუსეთის პრეზიდენტი, ბატონი პუტინი“ და ჰკითხა: „ფიქრობთ, რომ პუტინია პასუხისმგებელი საქართველოს ეთნიკური წმენდისთვის 2008 წელს?… გინდათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად დაიცვათ?“, ივანიშვილმა უპასუხა, რომ „პოლიტიკა პიროვნებების სიყვარულზე არ უნდა იყოს აგებული“. 

„მთავრობის მეთაურს პირველ რიგში უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელი ერქვას“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მადლიერია პოლონელი მეგობრების, რომელთა მხარდაჭერასაც ძლიერ აფასებს.

„ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაში სააკაშვილს აქვს თავისი წილი შეცდომები. პირველ რიგში საკუთარს უნდა მოთხოვო და ვიზავთ კიდეც ამას. თუ არა სააკაშვილის ძალიან მძიმე შეცდომები, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება“, – განაგრძო მან.

„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას,“ –  მიმართა ივანიშვილმა პოლონელ დეპუტატს, „და რასაც ეხლა თქვენ ახერხებთ და სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით გნებავთ, რომ ამ პოლემიკაში გამხვიოთ, მე ამის სურვილი არ გამაჩნია იმიტომ, რომ მსგავსი რიტორიკით სააკაშვილმა მიიღო ის, რაც მივიღეთ ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ. დღეს გვაქვს მცდელობა, რომ დიპლომატიურად და კულტურულად მოვახერხოთ და გავასწოროთ ის დიდი შეცდომები, რაც იყო დაშვებული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორექტულები ვიყოთ ჩვენს გამონათქვამებში, პირველ რიგში და შემდგომ ჩვენს ქმედებებში, და გარწმუნებთ, რომ ჭეშმარიტად მოვახერხებთ და დავალაგებთ ურთიერთობებს ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან“.

რუსმა დეპუტატმა ტამერლან აგუზაროვმა ჰკითხა ივანიშვილს, თუ რამდენად თავსებადია ახალი მთავრობის განზრახვა დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან თბილისის პოლიტიკასთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე; შეკითხვის დასმისას, რუსმა დეპუტატმა ასევე განაცხადა: „იცოდა რა, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდოდათ საქართველოში, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა“.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო ძალიან ბევრი შეცდომები დაშვებული ჩვენს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან დამოკიდებულებაში. ორივე მხრიდან იყო ეს შეცდომები“, – უპასუხა ივანიშვილმა, „არსებობს იარები, რომლის მოშუშებას სჭირდება დრო და დღეს ჩვენი მიზანია, რომ აღარ გავიმეოროთ მსგავსი, არ მოვახერხოთ და არც ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისევ ძალით მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან“.

მისი თქმით, მთავარი „გასაღები“ იმისკენ, რომ „მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ძმობით, მხოლოდ მოთმინებით“ მოხდეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება, საქართველოში დევს.

„ამისათვის მთავარი გასაღებია, რომ საქართველოში პირველ რიგში აღორძინდეს ეკონომიკა, განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა… ოსებისთვის და აფხაზებისთვის, ევროპისთვის, რუსეთისთვის“, – განაცხადა მან, „ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება სწორი თანმიმდევრული სვლები და მხოლოდ ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ პროცესებზე და ვის რისი სურვილი აქვს“.

PACE–ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა ჰკითხა პრემიერ–მინისტრს, თუ რას ფიქრობდა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, მიუხედავად ამ ორი სუბიექტის სტატუსისა, გამოსულიყვნენ PACE–ში. თავის კითხვაში პუშკოვმა ასევე ახსენა PACE–ს გადაწყვეტილება, რომელმაც ორ დეპუტატს კოსოვოდან  PACE–ს კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის უფლება მისცა.

„ოსეთიც და აფხაზეთიც საქართველოს ნაწილია, შესაბამისად, ოსებსაც და აფხაზებსაც ჩვენ დელეგაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ ყოველთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა და შემდეგ კოსოვოსთან მიმართებაში დაამატა: „კოსოვო არათუ ზღუდავდა, თვითონ იწვევდა საერთაშორისო დამკვირვებლებს, აბსოლუტურად გახსნილი იყო ყოველგვარი თანამშრომლობისათვის, რაც საუბედუროდ არ ხერხდება დღეს და ჩვენ ელემენტარულ მონიტორინგს ვერ ვახორციელებთ აფხაზეთსა და ოსეთში, ჰუმანიტარული აქციების განხორციელების   საშუალებაც არ არსებობს, ისინი დახურულები არიან, შესაბამისად, ასეთ პერსპექტივას, მე პირადად, ვერ ვხედავ“.

როდესაც სომეხმა დეპუტატმა მას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზე ჰკითხა, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთს რუსეთს დაუკავშირებს, პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, რომ „პერსპექტივაში აუცილებლად გაიხსნება ეს რკინიგზა“, თუმცა ამას სჭირდება დრო და არ წარმოადგენს „მარტივ პროცესს“, ვინაიდან ეს საკითხი „ძალიან არის გადაჯაჭვული პოლიტიკასთან“. 

„დღეს და დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა ალბათ არ იქნება იოლი, რამეთუ ბევრი კითხვები არსებობს, ბევრი ინტერესები არსებობს – ეს უკავშირდება კონფლიქტებს, ეს უკავშირდება ჩვენს დამოკიდებულებას და ურთიერთობებს, დღევანდელს, რუსეთთან, თუ გნებავთ ჩვენ ძმებთან აფხაზებთანაც. მე ვფიქრობ, რომ ეს დროს საჭიროებს – მოხდება აუცილებლად – უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უფლებების დაცვით და ეს არ არის მარტივი პროცესი“, – განაცხადა მან.

სასამართლო სისტემა

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა „ჭეშმარიტად დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფის ქვაკუთხედს“ წარმოადგენს ქვეყანაში. ამ კონტექსტში მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ახსენა და განაცხადა, რომ რეფორმის გეგმა ვენეციის კომისიის და ასევე თავად მართლმსაჯულების სისტემის რეკომენდაციებს ასახავს.

„მჯერა, საქართველოს აქვს მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელიც თავისუფალი იქნება აღმასრულებელი შტოსა თუ სხვა სახის პოლიტიკური ზეგავლენისაგან. საქართველოს ხელისუფლების მიზანია, არ გაუშვას ხელიდან ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როდესაც ბრიტანელმა დეპუტატმა ედუარდ ლეიმ ევროპის დემოკრატთა ჯგუფიდან ჰკითხა მას, თუ მისმა მთავრობამ რატომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომ ვადაზე ადრე არ შეეწყვიტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილებანი, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ის ცალმხრივ ინფორმაციას ფლობდა.

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ახერხებს, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელოს ევროპაში და რეალურად სიტუაცია სრულიად საწინააღმდეგოა. „ჩვენ მაქსიმალურად თითქმის 100%-ით… მთლიანად გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა   – თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია“, – მიმართა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც თანახმაა, სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, ამ რეფორმის გატარების – „ერთადერთი კაცი, ვინც არ ეთანხმება ამ რეფორმას, არის სააკაშვილი და ცდილობს, რომ ამას ვეტო დაადოს მაშინ, როდესაც სხვა განსხვავებული აზრი არ არსებობს პრაქტიკულად“.

პრემიერ–მინისტრის გამოსვლიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ვეტო დაადო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ კანონპროექტს. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვს პარლამენტში იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

კოჰაბიტაცია

ბევრი შეკითხვა, რომელიც PACE–ს წევრებმა ივანიშვილს დაუსვეს, მისი მთავრობის პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციას ეხებოდა.

ივანიშვილმა განაცხადა რომ მისი მთავრობის მხრიდან კოჰაბიტაციას რაიმე პრობლემა არ ექმნება და პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა დაძაბულ თანაარსებობაში. 

„ჩვენ ოპოზიციის მიმართ გვაქვს პრეტენზია, რომ ისინი ვერ იცვლიან საკუთარ ხელწერას და აგრძელებენ საკუთარ მოსახლეობასთან გაუგებარ ენაზე საუბარს, რაც კიდევ უფრო აღვივებს აგრესიას საზოგადოებაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელთანაც ის სიამოვნებით ითანამშრომლებდა.

„გარწმუნებთ, რომ კოჰაბიტაცია და სამართლიანობის  აღდგენა ეს სხვადასხვა რამაა და ერთმანეთში არ აურიოთ პოლიტიკა და სამართლიანობა“, – განაცხადა მან.

„საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და არცერთ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული შერჩევითი სამართალი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ პროცესებს აკვირდებიან ევროპელი დამკვირვებლები და ის „იქნება გამჭირვალე და არავითარ შემთხვევაში არ დაემსგავსება პოლიტიკურ დევნას“.

შვედმა დეპუტატმა მარიეტა დე პორბაქს–ლუნდინმა ევროპის სახალხო პარტიიდან განუცხადა ივანიშვილს, რომ როდესაც ევროპის სახალხო პარტიამ და ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა ის გააკრიტიკეს, პრემიერ–მინისტრმა ამ კრიტიკას „სამარცხვინო“ უწოდა; მან ჰკითხა პრემიერ–მინისტრს, თუ რას უპასუხებდა ივანიშვილი მას იმ შემთხვევაში, თუ შვედი დეპუტატი ეთანხმებოდა ევროპის სახალხო პარტიის კრიტიკას.

ივანიშვილმა უპასუხა, რომ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა კრიტიკა ხშირად ეფუძნებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ცალმხრივ ცრუ ინფორმაციას.

„მე ვფიქრობ, რომ ის გაუგებრობები, რომელიც არსებობდა მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომავალში აღარ იქნება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა ევროპულ პარტიასთან, მათ რიცხვში სახალხო პარტიასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როდესაც გერმანელმა დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა აღნიშნა, რომ ის ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა და იქ არსებულ ვითარებაზე დადებითი შთაბეჭდილება შეექმნა, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლებელია იმის დანახვა, თუ რა გააკეთა ახლანდელმა მთავრობამ ექვს თვეში. მან დაინტერესებული პირები საქართველოში დაპატიჟა, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა კეთდება.

შეკითხვა მაგნიტსკის შესახებ

ივანიშვილს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა მაგნიტსკის სიის, ასევე უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკავების და ბელარუსში არსებული „ავტორიტარული რეჟიმის“ შესახებ. 

პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „მე ვიცნობ ამ პრობლებას, მაგნიტსკის პრობლემა ძალიან კარგად ვიცი,  ვიცი რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ უფრო კარგად ვიცი რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და რა ხდება დღესაც“. 

„ადამიანის უფლებები ტოტალურად იყო დარღვეული წინა ხელისუფლების პირობებში“, – განაგრძო ივანიშვილმა, „სხვა სახელმწიფოებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ რუსეთი თუ უკრაინა, მე შევეცდებოდი ჩემს საკუთარ სახელმწიფოში დავრჩენილიყავი რამეთუ, ჩვენ  კიდევ არა გვაქვს უფლება იმის, თუ გნებავთ, რომ სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ… რამეთუ ჩვენს ქვეყანაში ირღვეოდა ტოტალურად ადამიანის უფლებები. გარწმუნებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდება, შეძლებისდაგვარად, აღვადგინოთ სამართლიანობა ამ მიმართულებით და მომავალში, მე პირადად და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაემსგავსოს ბებერ ევროპას“, – განაცხადა მან.

უმცირესობების უფლებები

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების შესახებ რამდენიმე კითხვის საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უმცირესობების ინტეგრაციის ერთგულია. მისი თქმით, მთავარ პრობლემას ამ კუთხით ეთნიკურ უმცირესობებს შორის ქართული ენის არცოდნა წარმოადგენს.

„ეთნიკური უმცირესობების პრობლემა ტოტალურად საქართველოში არ არსებობს, არსებობს მცირე გამოვლინებები“, – განაცხადა მან.

კითხვაზე აქვს თუ არა მის მთავრობას სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციების განსახორციელებლად, რაც სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტურობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონზე ვმუშაობთ“.

მისი თქმით, ახალ მთავრობას როგორც ეთნიკური, ისე ნებისმიერი უმცირესობის მიმართ „ძალიან გახსნილი“ დამოკიდებულება აქვს.

„საქართველოში თუკი ამ მიმართულებით რაიმე ხდებოდა ან მოხდება მომავალში, ძალიან მკვეთრი რეაქცია იქნება ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა მან.

თურქმა დეპუტატმა განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია საქართველოში – ეს ის მაჰმადიანი მესხები ან მათი შთამომავლები არიან, რომლებიც იოსებ სტალინმა 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადაასახლა. მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება საქართველომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.

პრემიერ–მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობა აპირებს მაქსიმალურად დააჩქაროს ეს პროცესი.

„უახლოეს 2 წელიწადში ყველა მსურველს საშუალება ექნება დაჩქარებული ტემპებით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ვალდებულებას ევროპის საბჭოს წინაშე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button