
პუტინი აფხაზეთის ლიდერს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12 მარტს ნოვო–ოგარიოვოს რეზიდენციაში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და „რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის განვითარება“ განიხილა, განაცხადა კრემლმა.
„ჩვენ მალე აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხუთ წლისთავს“, – უთხრა პუტინმა ანქვაბს, „შეიძლება შევაჯამოთ ზოგიერთი შედეგი იმისა, თუ როგორ დგება ფეხზე აფხაზეთი, როგორც გვარდება პრობლემები, რომლებიც თქვენთან, ისევე როგორც ყველგან, სასურველზე მეტია. ნებისმიერ შემთვევაში, ისინი უნდა მოგვარდეს, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ კონსულტაციების დროს ჩვენ შევძლებთ გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ და შევხედოთ იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტასაც ერთობლივად შევძლებთ უახლოეს მომავალში“.
ანქვაბმა მადლობა გადაუხადა პუტინს აფხაზეთის მხარდაჭერისთვის და უთხრა მას: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმი რუსეთის მიერ მისი აღიარების ხუთი წლისთავის აღნიშვნისთვის ემზადება. 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ, მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.
ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ მან უკვე განიხილა მოსკოვში იმ საკითხების ფართო სპექტრი, „რომლებიც აფხაზეთში არსებული პირობების გაუმჯობესებას დაეხმარება“.
მანამდე 12 მარტს ანქვაბის და პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება მისი ტერიტორიული მთლიანობის დაშლას და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული, სერიოზულ შეშფოთებას და კრიტიკას იწვევს.
ასევე 12 მარტს ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)