skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი თანახმა არიან ევროპულ კურსზე ერთობლივი განცხადება გააკეთონ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადეს, რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული კურსის ერთგულების თაობაზე.

ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩუსთან 5 მარტს ცალკ-ცალკე გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთეს.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პირველი შეხვდა ლიტვის საგრეო უწყების ხელმძღვანელს, განაცხადა, რომ კოჰაბიტაციის „ძალიან რთულ“ ვითარებაში მას ლინკევიჩუსმა სააკაშვილთან ერთობლივი განცხადების გაკეთების წინადადება შესთავაზა. 

„მე დავთანხმდი ჩემი მხრიდან საერთო განცხადება რომ გავაკეთოთ, რომ ევროპელებისთვის ეს იყოს გასაგები და სასარგებლო, რომ რაღაც ურთიერთობა და თანაცხოვრება მიმდინარეობს ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ თემამ შესაძლოა მისი და პრეზიდენტის მორიგი შეხვედრისთვის საფუძველი შექმნას, სადაც „შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ და მოვილაპარაკოთ“, 4 მარტს გამართული „ცარიელი“ შეხვედრის შემდეგ.

ერთობლივი განცხადების გაკეთების ინიციატივით ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართა ახალ მთავრობას, თუმცა მაშინ ეს ვერ განხორციელდა.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივად მივმართოთ ევროკავშირს და ნატოს, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შიდა განსხვავებებისა, რომ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და  ევროპული ორიენტაციის კურსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 5 მარტს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა მას და პრემიერს შორის არსებული დიალოგის კარგი გაგრძელება იქნება და იმავდროულად, არ დაიკარგება ურთიერთობის „დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან“.

„ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური კლასის ერთიანობის დემონსტრაცია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს იმის მაჩვენებელიც იქნება, რომ  „ჩვენ ყველა განსხვავებას გვერდზე გავდებთ,“ როცა ეს ეხება საქართველოს „სტრატეგიულ ხედვას და ინტერესებს“.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება არ უნდა იქცეს დაბრკოლებად საქართველოს ევროატლანტიკული ინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, მისასალმებელი იქნება საქართველოდან „პოზიტიური სიგნალი“ იმის თაობაზე, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის „შეუქცევადი, მკაფიო და ერთობლივი“. 

ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ლიტვის საგარეო უწყების ცნობით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობების განხილვა და იმ გეგმებისა და პრიორიტეტების წარდგენა, რომელიც ლიტვას, როგორც წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას აქვს დასახული.

ამასთან, ნოემბერში ვილნიუსი უმასპინძლებს  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. საქართველო ვილნიუსის სამიტისგან გარდა იმისა, რომ ელის ევროკავშირთან  ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, აქვს ასევე სურვილი, რომ მიიღოს დეკლარაცია ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის შესახებ.

ივანიშვილმა 5 მარტს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლიტველ პარტნიორებს „დამატებითი ვალდებულებაც აქვს, რომ ვილნიუსის სამიტზე მივიღოთ ის მაქსიმუმი, რაზეც ჩვენ გვაქვს მცდელობა“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button