ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა, რომელიც 1 მარტს პრაღაში გაიმართა, „კონსტრუქციული“ იყო,  რამაც „მთელ რიგ პრაქტიკულ საკითხებზე“ პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახადა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

„აღინიშნა, რომ ბოლო თვეების მანძილზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებაში მთელი რიგ სფეროებში პოზიტიურ წინსვლას ჰქონდა ადგილი. შედგა კონტაქტები მაღალ დონეზე. მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მიიღო. დავოსში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს დიმიტრი მედვედევს და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის. სტრასბურგში ორი ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ყველაფერმა ამან საჭირო პოზიტიური ატმოსფერო შექმნა სხვადასხვა სფეროებში პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მარტს.

„თებერვლის ბოლოს "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ესტუმრა ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის განახლების პირობების შესწავლის მიზნით. მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის საკითხებზე, კერძოდ საავიაციო გადაზიდვებისთვის რეგულარული ხასიათის მინიჭების კუთხით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ ასევე "კმაყოფლებით აღინიშნა" შეთანხმება ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ინტენსიურ რეჟიმში ამუშავების თაობაზე.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის „სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა“.  საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა.

„გამოითქვა ორმხრივი დაინტერესება მეცნიერების და ჯანდაცვის სფეროებში უფრო აქტიური კონტაქტების დამყარების კუთხით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მხარეები არ ეხებიან იმ საკითხებს, რომლებიც ამიერკავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის თაობაზე მიმდინარე ჟენევის დისკუსიებზე განიხილება, რომელიც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას როგორც უმნიშვნელოვანესი ფორუმი, მათ შორის ამ რეგიონში სიტუაციის პროგნოზირებადობის უზრუნველყოფის მიზნით“.

„სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების კონტექტსში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მასთან დაკავშირებული საკითხები საგნობრივად იქნება განხილული ორი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სოჭში მომავალ წელს დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში საქართველო მონაწილეობას მიიღებს.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აბაშიძის და კარასინის მომდევნო შეხვედრა მაისის ბოლოს ან ივნისში გაიმართება.  

პრაღაში გამართული შეხვედრა უკვე მეორე იყო ორ დიპლომატს შორის მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გეგმების შესახებ განაცხადა. პირველი შეხვედრა შვეიცარიაში 14 დეკემბერს გაიმართა.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა 1 მარტს, რომ მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მათი პირველი შეხვედრის შემდეგ „სავაჭრო ურთიერთობების განხრით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ბოლო ხანს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ექსპორტის განახლებას რუსულ ბაზარზე“.

„პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით, კერძოდ რეგულარული საავიაციო რეისების, ასევე სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის განახლების თვალსაზრისით“, – განაცხადა აბაშიძემ. 

„რუსეთის მხარე ამ ეტაპზე განიხილავს საკითხს არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე“ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა მან.

აბაშიძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება, სავარაუდოდ, გარკვეულ კატეგორიებს შეეხება; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ვადები, თუ როდის მოხდება ეს, მოლაპარაკებების დროს არ დაკონკრეტებულა. 

აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მეცნიერება და ჯანდაცვა ორ დამატებით სფეროდ გამოიყო, რომლებზეც ასევე გაიმართება დისკუსიები ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.

„ხაზგასმით აღვნიშნეთ ჟენევაში მიმდინარე დისკუსიების მნიშვნელობა და მისი შემდგომი გაგრძელების აუცილებლობა საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფორმატში“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button