
ცესკომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის საკითხზე სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოითხოვს ჩატარდეს რეფერენდუმი საკითხზე: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?”
საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიან მოქალაქეები იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი, 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა სამი თვის განმავლობაში უნდა შეაგროვოს.
კანონმდებლობის მიხედვით, ხელმოწერების მიღებისა და გადამოწმების შემდეგ ცესკო რეფერენდუმის საკითხს წარუდგენს პრეზიდენტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ან მის მოწყობაზე მოტივირებულ უარს აცხადებს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის წინააღმდეგია. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება იმ საკითხებს შორის იყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აყენებდა ქართულ ოცნებასთან ძალაუფლების გაყოფის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.
კოალიცია ქართულ ოცნებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ გააჩნია. თუმცა პირველად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს, ქართული ოცნების დეპუტატებმა გამოთქვეს.
ამ დროისთვის როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები სკეპტიკურად უყურებენ რეფერენდუმის იდეას, ვინაიდან მისი შედეგების ასახვა ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დროის სიმცირის გამო მაინც ვერ მოხერხდება.
ცესკოს მიერ 26 თებერვალს სარეფერენდუმო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას წინ უძღოდა ამავე ჯგუფისთვის მისი ორი უარი დარეგისტრირებაზე. კერძოდ, ცესკომ 8 იანვარს ამ ჯგუფს უარი უთხრა სარეფერენდუმო წინადადებაზე: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში გამოცხადდეს საპარლამენტო მმართველობა და პრეზიდენტი შეზღუდული ძალაუფლებით აირჩიოს პარლამენტმა?”, ხოლო 8 თებერვალს არ დაურეგისტრირა სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ საქართველო გამოცხადდეს საპარლამენტო რესპუბლიკად?“.