Placeholder canvas
ახალი ამბები

თიბისი ბანკი და ლიბერთი ბანკი უარყოფენ რუსული ბანკებისთვის აქტივების მიყიდვას

„თიბისი ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“, რომლებიც აქტივების მხრივ საქართველოს ოთხ ყველაზე მსხვილ კრედიტორ ბანკს წარმოადგენენ, უარყვეს, რომ ისინი რუსულმა ბანკებმა შეიძინეს.

26 თებერვალს პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა სახელმწიფო ბანკმა „სბერბანკმა“ შეიძინა, ხოლო რუსეთის უმსხვილესი კერძო კრედიტორი „ალფა ბანკი“ „თიბისი ბანკს“ ყიდულობს. 

“რამდენიმე დღის წინათ, პრაქტიკულად, დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“,  ერთ –ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი, იყიდა „სბერბანკმა“, რუსეთის სახელმწიფო ბანკმა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს „თიბისი ბანკს“. ნუ „ქართუ“ ისედაც რუსული ბანკია. შემდეგ შემოდის „გაზპრომ ბანკი“, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი არასდროს ყოფილა რუსული ბიზნესის წინააღმდეგი, მაგრამ „თუ ქონება უბრალოდ ხელში ჩაუვარდებათ ისე, რომ დაასხდებიან ზედ და გადაწყვეტენ, რომ არაფერი არ აკეთონ და მათი იქნება, ეს სულ სხვა რაღაცაა და ეს არის პირდაპირი კაბალიზაცია საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მიერ. ეს არა ჩემი მოგონილია, ეს ხდება აი დღეს, როცა ვლაპარაკობ“.

სააკაშვილის პრესკონფერენცია ჯერ კიდევ მიდიოდა, როდესაც „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ, რომელიც 2007–2008 წლებში სააკაშვილის მთავრობაში პრემიერ–მინისტრი იყო, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უარყო, რომ მისი ბანკი გაიყიდა.

„ძვირფასო მეგობრებო, ახლახანს ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა "სბერბანკმა" იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ "სბერბანკთან" „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. "ლიბერთი ბანკს" წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით, და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს“, – ნათქვამია გურგენიძის განცხადებაში, რომელიც მან „ლიბერთი ბანკის“ Facebook–ის გვერდზე გამოაქვეყნა.

რუმინელ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად, გურგენიძე „ლიბერთი ბანკის“ აქციონერია, რომელიც აქტივების მხრივ მეოთხე უმსხვილესი ბანკია საქართველოში.

როდესაც პრესკონფერენციის მსვლელობისას სააკაშვილს უთხრეს, რომ „ლიბერთი ბანკმა“ უარყო მისი განცხადებას, მან განაცხადა: „თუ ეს ასე არ არის, მხოლოდ გამიხარდება… იმედია, რომ არც მომავალში არ იქნება. ავიყვან ამას კონტროლზე“.  

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოს ეროვნული ბანკისგან ჰქონდა ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის თაობაზე. მან ასევე დასძინა: „თიბისი-ზე რომ არის ლაპარაკი, ეს ვიცი ზუსტად“.

მაგრამ „თიბისი ბანკმაც“ უარყო წერილობით განცხადებაში, რომ თავისი აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ახლახან, მის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ თითქოსდა თიბისი ბანკი შეიძინა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – ალფა ბანკმა. გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ თიბისი ბანკი არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე ალფა ბანკთან, თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან“, – განაცხადა „თიბისი ბანკმა“.  

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია თითოეული 20.19%–ის აქციების მფლობელია  „თიბისი ბანკში“, რომელიც აქცივების მხრივ მეორე უმსხვილესი ბანკია საქართველოში. 25.95%–ს მისი ორი დამფუძნებელი ფლობს – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button