სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია გმობს სააკაშვილის განცხადებას ჩახალიანზე
პრეზიდენტ სააკაშვილის „არაკორექტული“ განცხადებები ვაჰან ჩახალიანის გათავისუფლების თაობაზე, რომელიც სასჯელს იარაღთან, შეიარაღებულ ხულიგნობასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო იხდიდა, „ანტისომხური განწყობების გავრცელებას“ უწყობს ხელს, განაცხადა სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 26 იანვარს.
ჩახალიანი 24 იანვარს ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან მას შემდეგ, რაც ათწლიანი სასჯელიდან დაახლოებით 4.5 წელი მოიხადა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო ჩახალიანის გათავისუფლება და ამ აქტივისტს ჯავახეთის რეგიონიდან „საქართველოს სახელმწიფოს მტერი“ უწოდა. მან განაცხადა, რომ ჩახალიანი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სთხოვა; სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა „დაუშვა ძალიან მძიმე გადაცდომა“, როდესაც ჩახალიანის გათავისუფლებაზე დათანხმდა და დასძინა, რომ ჩახალიანი მან რუსეთის „საამებლად“ გაათავისუფლებინა.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ჩახალიანის დაკავების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ასევე დაგმო ჩახალიანის გათავისუფლება და მას „საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო“, „ჯავახური სეპარატიზმის სულისჩამდგმელი“, „რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაუფარავი ემისარი“ და „ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი“ უწოდა.
სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 26 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის გმობს პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების მიერ გაკეთებულ მსგავს განცხადებებს.
ამ ტიპის განცხადებებით, ნათქვამია განცხადებაში, პრეზიდენტმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად არ არსებობდა მართლმსაჯულება“.
„თუ ჩახალიანი რეალურად იყო სეპარატისტი და აგენტი, მაშინ რატომ არ გაასამართლეს ის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით? ამ პარადოქსს ერთი ახსნა აქვს: წინა მთავრობა მართლმსაჯულების სისტემას სპეციფიურად იყენებდა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის თავს აგრეთვე ნება მისცა ეხსენებინა მისი უწმიდესობის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის სახელი, განაცხადა, რომ გათავისუფლება მოხდა მისი უწმიდესობის თხოვნით. გვინდა გამოვაცხადოთ, რომ მიმართვას ჰქონდა ჰუმანური მიზეზები და მოხდა ჩახალიანის მშობლების თხოვნით, და ყოველთა სომეხთა სულიერ მოძღვარს არ შეეძლო რეაგირების გარეშე დაეტოვებინა მათი თხოვნა. მეორე, ჩახალიანს ყოველ შემთხვევაში ეხებოდა ამნისტია, რადგან მას ბრალი ჰქონდა წაყენებული დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია 2013 წლის 12 იანვრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეპარქია მოუწოდებს ცალკეულ პოლიტიკოსებს „არ გამოიყენონ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ეხება მშვიდობასა და სიმშვიდეს ჩვენს მრავალეთნიკურ სამშობლოში, ისევე როგორც ორ მოძმე – ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობებს“.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური ან სხვა უსიამოვნებისა, ჩვენი ხალხები კვლავ გააგრძელებენ კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებას და საქართველოს მოქალაქე – სომხები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან საქართველოს ერთგული შვილები“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ჩახალიანი, რომელიც ახალქალაქში არსებული იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო 2005 წელს რუსეთის სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გაყვანის წინააღმდეგ და რომელიც ჯავახეთის რეგიონის ავტონომიისკენ მოუწოდებდა, 2008 წლის ივლისში დააპატიმრეს და თავდაპირველად იარაღის უკანონო შენახვის ბრალდება წაუყენეს; შემდეგ მას ხულიგნობასთან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან და დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით დამატებით ორი ბრალდება წაუყენეს 2005 და 2006 წლებში მომხდარი ინციდენტების გამო, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა სასამართლოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის დარბევას. მისმა მხარდამჭერებმა ჩახალიანის დაპატიმრება დაგმეს და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩახალიანის გათავისუფლება რუსეთის ინტერესებში შედის და ივარაუდა, რომ მოსკოვი სამცხე-ჯავახეთში არეულობების პროვოცირებას შეეცდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დროის არძინბებს და კულუმბეკოვებს [90-იან წლებში ოსური სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი], უცხო სპეცსამსახურების აგენტებს, ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არ აყვებიან, თუნდაც ისინი მოქმედებდნენ საქართველოს მთავრობაში დროებით მოსულ ჯგუფთან ერთად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„ამ ადამიანს, ჩახალიანს – და მე არ მინდა ხაზი გავუსვა მის ეთნიკურ წარმომავლობას იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს… მაგრამ ეს კაცი არის ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი არა სომხეთის იმიტომ, რომ სომხეთის ინტერესებში არ შედიოდა მისი 6 წლით ადრე გარეთ გასვლა და მე ეს ძალიან კარგად ვიცი იმიტომ, რომ ძალიან კარგი და დიდი ხნის ურთიერთობები მაქვს ჩვენს სომეხ კოლეგებთან, სომხეთის პატრიოტებთან, სომხეთის ლიდერებთან, [არამედ] ეს ადამიანი არის რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში", – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)