skip to content
ახალი ამბები

ანქვაბმა ბიუჯეტს ვეტო დაადო

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ვეტო დაადო 2013 წლის ბიუჯეტს და უკან გაუგზავნა პარლამენტს, რომელმაც ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა.

ანქვაბმა 8 იანვარს განაცხადა, რომ მან დეპუტატებს ბიუჯეტი უკან იმის გამო დაუბრუნა, რომ არ დაეთანხმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა მთავრობის მიერ შეთავაზებული პროექტის პირვანდელი ვარიანტი, იტყობინება „აფსინიპრესი“.

უთანხმობა კონკრეტულად უკავშირდება 840 მლნ რუბლის (დაახლოებით 27.6 მლნ აშშ დოლარის) ხარჯებს, რომელიც სეპარატისტულმა რეგიონმა დახმარების სახით უნდა მიიღოს რუსეთისგან 2009 წელს დადებული შეთანხმების ფარგლებში.

ბიუჯეტის კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, რომელიც მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, რუსული ფინანსური დახმარება არ იყო გადანაწილებული; დეპუტატებმა მასში შეიტანეს შესწორება და ეს თანხა ტოლ ნაწილებად გაყვეს ყველა რაიონსა და ქალაქ სოხუმზე.

„ჩვენ ასეთი წინადადებით პარლამენტში არ შევსულვართ. ჩვენ სხვა წინადადება წარვუდგინეთ. და ამ მიზეზით მე  ხელი არ მოვაწერე დოკუმენტს და დავუბრუნე ის პარლამენტს“, – განაცხადა ანქვაბმა.

მან ასევე  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია 840 მლნ რუბლის ყველა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილება. ანქვაბის თქმით, აფხაზურ-რუსული მთავრობათაშორისი კომისია იანვრის ბოლოს უნდა შეიკრიბოს, რათა განსაზღვროს ამ დახმარების განაწილების საკითხი.

სეპარატისტული რეგიონის 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც გასული წლის მარტში იქნა არჩეული, ახლა ან მიიღებს მხედველობაში ანქვაბის შენიშვნებს ან კი შეეცდება ვეტოს დაძლევას, რასაც ხმათა ორი მესამედი სჭირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button