ივანიშვილი თანაარსებობაზე საუბრობს
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 24 დეკემბერს, რომ არც თუ მარტივი თანაარსებობა მის მთავრობასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის საფრთხეს არ შეუქმნის „ქვეყნის განვითარებას არც შიგნით და არც გარეთ“.
თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების „ისტერიული განცხადებები“ ვერ შეაჩერებს სამართლიანობის აღდგენის პროცესს; მას მხედველობაში ჰქონდა წინა ხელისუფლების რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება.
„კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნული და არ უნდა გულისხმობდეს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ისტერიული გამონათქვამები ოპოზიციის მხრიდან. ეს პროცესი გაგრძელდება… ჩვენ ახალ გუნდს ერთ–ერთი ძირითადი დაპირება რაც გვქონდა მოსახლეობასთან, რომ სამართლიანობის განცდა უნდა აღდგეს, ამას ვაგრძელებთ და დროში ეს უპირობოდ შესრულდება“.
„ოპონენტებს რაც შეეხება და მათთან ურთიერთობას, მე მომავალში აღარ გავაკეთებ ღრმა განმარტებებს მათ გამონათქვამებზე, რამდენადაც ვერ მოახერხეს მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მათი გამონათქვამები არის ძალიან ხშირად აბსურდული… მქონდა იმედი, რომ შეძლებდნენ ისინი კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას. თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის და განსაკუთრებით მათი ლიდერის [პრეზიდენტ სააკაშვილის] გამონათქვამებს. მე მგონი იმდენი აბსურდია მათში, რომ სერიოზულ ანალიზს ის ჩემი მხრიდან ვეღარ დაექვემდებარება".
„კონსტრუქციულობას, რასაც მე ვითხოვდი, ვერ შეძლეს. რომ ვერ შეძლეს ამასაც მიზეზი აქვს. კონსტრუქციული რომ იყო, სწორი ცხოვრებით უნდა გქონდეს ნაცხოვრები და არ უნდა არსებობდეს მრავალი კითხვები, რაც არსებობს მათ მიმართ. მათ ვერ ნახეს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გაეგრძელებინათ იგივე იდეოლოგიით, სიცრუეზე აგებით“, – განაცხადა მან.
„მე მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ აბსოლუტურად მშვიდად მიადევნონ ამ პროცესებს თვალი. ეს ძალიან კარგი პროცესებია იმისათვის, რომ საზოგადოებამ მოახერხოს და სწორი ანალიზი გააკეთოს“, – განაცხადა მან, „არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც შიგნით და არც გარეთ ქვეყნის განვითარებას. ინვესტიციებთან დაკავშირებით დაისვა რამდენჯერმე კითხვები, რომ ამან შეიძლება ინვესტიციები შეაფერხოს. ამასაც გაჩვენებთ, რომ ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება“.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ სამწუხაროდ არ ეყოლება „ღირსეული კონკურენტი“, რომელიც შეძლებს რეალური კონკურენციის გაწევას.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი მზად არის შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს, თუმცა დასძინა, რომ ასეთ შეხვედრას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს მხოლოდ „შეხვედრა შეხვედრისთვის“.
პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგი უკვე ორჯერ შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს და „ძალიან ნაყოფიერი“ საუბარი ჰქონდა მასთან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თაანმშრომლობის საკითხზე.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი; მეორე წელიწადი უკვე იქნება საგრძნობლად უკეთესი; მესამე იქნება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ; მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)