skip to content
ახალი ამბები

ხეთაგურს და გვარამიას ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ ექვს პირს, მათ შორის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, „ელიტური კორუფციის“ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ბრალი უკვე წაუყენა.

ყოფილ ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ბრალად ედება დიდი ოდენობით  ქრთამის მიცემა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ასევე ფულის გათეთრება.

ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს და 2009 წლამდე მთავრობის წევრს, მოქრთამვაში დახმარების გაწევაში, ფულის გათეთრებაში, ცრუ მეწარმეობაში და დოკუმენტების გაყალბებაში ედება ბრალი, განაცხადა მისმა ადვოკატმა. გვარამიას ახლობელს, გიორგი ნემსიწვერიძეს ცრუ მეწარმეობა და ფულის გათეთრებაში დახმარება ედება ბრალად.

კომპანია „თელასის“ გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს ქრთამის მიცემა, ასევე დოკუმენტების გაყალბება და ფულის გათეთრებაში დახმარება ედება ბრალად.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა დამენიას, რომელიც ამჟამად აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელია, მოქრთამვაში და ფულის გათეთრებაში დახმარება ედება ბრალად, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენება.  კიდევ ერთ პარტნიორს ამავე კომპანიიდან, ბელა გუტიძეს ყალბი დოკუმენტების გამოყენება და დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად.

ადვოკატების თქმით, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროკურატურა აცხადებს, რომ 2012 წლის ივლისში მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა კორუფციული გარიგება დადო „თელასთან“, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება „თელასში“, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", და შპს "მტკვარი ენერგეტიკაში" და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. პროკურატურის თქმით, ხეთაგურმა სთხოვა გვარამიას მოეგვარებინა ეს გარიგება. ამ მიზნით ეს უკანასკნელი დაუკავშირდა თავის მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს "ელენდეფ სერვისი", რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა. ამის შემდეგ, აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე თელასიდან და მის დაქვემდებარებაში მქოფი ენერგოკომპანიებიდან სს "ხრამჰესს 1," "ხრამჰესი 2", ასევე " მტკვარი ენერგეტიკიდან" 1 მილიონი ლარი გადაირიცხა. ხელისუფლება აცხადებს, რომ "დანაშაულებრივ სქემაში" ასევე ჩართული იყო აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენიც“, როგორც ფიქტიური ქვეკონტრაქტორი.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რაიმე აღქმა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე, იგი მზად არის შესთავაზოს, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე, რომლის ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნები იქნენ დაკავებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები გაიმართოს.

ამ ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების საქმეებს განიხილავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button