skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 20 დეკემბერს 80 ხმით დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტი, რომლითაც, მთავრობის თქმით, ქართული ოცნების დაპირებების შესრულება დაიწყება. 

მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსავლები 7.422 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 7.255 მლრდ ლარს შეადგენს, რაც აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს, რომლებიც კვირის დასაწყისში ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, შესაბამისად,  7.158 მლრდ ლარამდე და  6.882 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 

საგადასახადო შემოსავლების სახით მომავალ წელს 6.920 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 620 მლნ ლარით მეტია წლევანდელ მაჩვენებელზე.  202.5 მლნ ლარია დაგეგმილი გრანტების, ხოლო 300 მლნ სხვა შემოსავლების, მათ შორის 100 მლნ ლარი პრივატიზაციიდან მისაღები თანხების სახით.

ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, შეიცვალა ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსება, მათ შორის ბიუჯეტები შეეკვეცათ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ამ რესურსით ძირითადად გაიზარდა ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება.

2013 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2.345 მლრდ ლარი (2012 წ –  1.821 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2012 წ – 730.6  მლნ ლარი; 2011 წ – 711 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2012 წ –  587.8  მლნ ლარი; 2011 წ – 568 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 901 მლნ ლარი (2012 წ – 717.1 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 670 მლნ ლარი (2012 წ – 625.7 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 241 მლნ ლარი (2012 წ – 229.9  მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 100 მლნ ლარი (2012 წ – 108.2  მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 82.5  მლნ ლარი (2012 წ – 145.4  მლნ ლარი);
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  – 118.7 მლნ ლარი (2012 წ – 310.9 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 67.6 მლნ ლარი (2012 წ – 56.5  მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 174.3 მლნ ლარი  (2012 წ – 128.3  მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2012 წ – 82.8  მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  80 მლნ ლარი (2012 წ – 93 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  47.2 მლნ ლარი (2012 წ – 59.4  მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 27.2 მლნ ლარი (2012 წ – 19.3  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2012 წ – 39.2 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2012 წ – 1.2 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2012 წ – 2.3  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  850 ათასი ლარი (2012 წ – 850 ათასი ლარი).

ბიუჯეტში აღარ ფიგურირებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება, რომლის გაუქმებაც  მომავალი წლისთვის იგეგმება, თუმცა პარლამენტს კანონმდებლობაში ჯერ შესაბამისი ცვლილებები არ შეუტანია. ამ უწყების ფუნქციები, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. 

მომავალ წელს სოციალური ხარჯები მთლიანობაში 630 მლნ ლარით იზრდება. 1 აპრილიდან ყველა ასაკით პენსიონერის პენსია 125 ლარი გახდება, რითაც გაუთანაბრდება 67 წლის ასაკის პენსიონერებისათვის გათვალისწინებულ ოდენობას, ხოლო 1 სექტემბრიდან ყველა პენიონერი მიიღებს 150 ლარს; ასევე 100 ლარამდე  გაიზრდება მეორე ჯგუფის ინვალიდების (70.0 ლარი), მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსიები (55.0 ლარი).  1 ივლისიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია სოციალური დახმარებების გაორმაგება, კერძოდ 57 ათას ქულამდე მყოფი ოჯახის პირველი წევრი 30 ლარის ნაცვლად მიიღებს 60 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარის ნაცვლად – 48 ლარს, რისთვისაც დამატებითი ხარჯი შეადგენს 70 მლნ ლარზე მეტს.

ამასთან, თებერვლიდან ივლისამდე დაუზღვეველი მოსახლეობისთვის საბაზისო პაკეტის შემოღებისთვის ბიუჯეტი გაიღებს 68 მლნ ლარს, ხოლო 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის შემოღებისთვის გათვალისწინებულია ჯამში 163 მლნ ლარი.

მომავალ წელს დაფინანსება ეზრდება საქართველოს პარლამენტს არსებული 41.1 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე. გაზრდილი თანხები მოხმარდება თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციას და მაჟორიტარი დეპუტატების რაიონული ბიუროების დაფინანსებას. აქამდე ამ ბიუროებს ადგილობრივი თვითმმართველობები უწევდნენ ფინანსურ უზრუნველყოფას.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2013 წელს 8.9 მლნ ლარით დაფინანსდება (2012 წელი – 14.1 მლნ ლარი), ხოლო მთავრობის კანცელარია 11.8 მლნ ლარს მიიღებს (2012 წელი – 12.5 მლნ ლარი). საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს 10 მლნ ლარით დაფინანსდება წელს არსებული 50 მლნ ლარის ნაცვლად; ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარი იქნება,  70 მლნ ლარის ნაცვლად.

რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 449 მლნ ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავაც 50 მლნ ლარის მოცულობის იქნება. 

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 769.7 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი, 448 მლნ ლარი თბილისისათვის არის გათვალისწინებული – 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 445 მლნ ლარის ტრანსფერს ითვალისწინებს დედაქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალ წელს დაფინანსება ყველაზე მეტად შეუმცირდება და ის არსებული 21 მლნ ლარის ნაცვლად, 1.8 მლნ ლარს მიიღებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ საარჩევნო წელს 47.5 მლნ ლარით დაფინანსდება, იმაზე 5.5 მლნ ლარით მეტით, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტით თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი სახალხო დამცველის ოფისის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოო ვარიანტით, ამ ოფისის დაფინანსება წლევანდელ ნიშნულზე – 2.1 მლნ ლარზე შენარჩუნდება 2013 წლისთვისაც.

მომავალ წელს, 2012 წლის მსგავსად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  7%-ს შეადგენს და მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მოცულობა 29 281.7 მლნ ლარი იქნება. ამასთან, მშპ-ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი წელს არსებული 3.5%-დან 2.8%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 36%-დან 32.8%-მდე შემცირდება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ დასწრებიან დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც მეორე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მუშაობაში არ მონაწილეობენ.

დღესვე პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ბიუჯეტთან დაკავშირებულ ცვლილება, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას და საშემოსავლო გადასახადის 20%-იან ნიშნულზე დატოვებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English Русский

Back to top button