
ფინანსთა მინისტრი უშიშროების საბჭოს საბიუჯეტო ხარჯების შესახებ
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურა ეროვნული უშიშროების საბჭოს საბიუჯეტო ხარჯებს სწავლობს.
2012 წელს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან 24.7 მლნ ლარი ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა მისი დაფინანსება კვირის დასაწყისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად 3.7 მლნ ლარით შემცირდა. მომავალი წელს პრეზიდენტის ეს სათათბირო ორგანო, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, სულ რაღაც 1.8 მლნ ლარს მიიღებს – იმაზე ოდნავ მეტს, რაც უშიშროების საბჭოს აპარატის სახელფასო ფონდს ესაჭიროება.
პლენარულ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ნოდარ ხადურმა განუცხადა დეპუტატებს, რომ უშიშროების საბჭოს წლევანდელი ბიუჯეტის დიდი ნაწილი დღემდე „საიდუმლოდ“ რჩება.
„ანუ უშიშროების საბჭომ [ეს თანხები] არ განასაჯაროვა და ჩვენ არ გვაქვს უფლება განვასაჯაროოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, „მაგრამ მე უფლებამოსილი ვარ ვთქვა, რომ დაახლოებით 80% ამ თანხების ხმარდებოდა ე.წ. საკონსულტაციო მომსახურების შეძენას საზღვრგარეთ ანუ ლობისტური კომპანიებისათვის გადახდილი თანხებია“.
„იქ არის კიდევ სხვა ტიპის ხარჯები, რასაც სწავლობს მთავარი პროკურორი, ამ საკითხებს და ინფორმაციას შემდეგ უკვე უფრო დაწვრილებით მოგაწვდიან. მათ შორის იქ არის რამდენიმე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი, რომელსაც ასეულობით ათასი ლარი აქვს აღებული უშიშროების საბჭოს დაფინანსებიდან“, – განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.