ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ‘მუშაობის სხვა რეჟიმზე’ გადადის

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის, დაკავების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია „მუშაობის სხვა რეჟიმზე“ გადადის.

„გვარამიას, და მასთან ერთად რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაკავება, არის გაუგონარი ფაქტი“, – განაცხადა მერაბიშვილმა ხუთშაბათს. „მე მინდა გითხრათ, თავისუფალი მედიის გენერალური დირექტორის დაკავება არ მომხდარა, მე პირადად არ მახსოვს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, თვით რუსეთშიც კი“.

ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელია და 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, ასევე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია, რომელიც ამჟამად აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელია, 19 დეკემბერს სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან დროებით შეწყვიტეს საპარლამენტო საქმიანობა; მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და ხუთშაბათს მიმდინარე სხდომას, რომელიც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავს, არ ესწრებიან.

ხუთშაბათს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ, სადაც გვარამია იმყოფება დაკავების შემდეგ, აქცია გამართეს. მომიტინგეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით „შეწყდეს სამშობლოს ნგრევა“, „შეწყდეს ზეწოლა მედიაზე” და „თავისუფლება უკანონო პატიმრებს“. რამდენიმე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მათ შორის დავით ბაქრაძე და გოკა გაბაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ და გვარამიას დაკავება დაგმეს, როგორც ზეწოლა „რუსთავი 2“–ზე.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გვარამიას დაკავებას არაფერი აქვს საერთო „რუსთავი 2“–თან, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიება ეხებოდა საქმეს, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ტელეკომპანიას.

ვანო მერაბიშვილმა ასევე განაცხადა 20 დეკემბერს, რომ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა „ისტერიაშია“ და ცდილობს ყველაფერ იმაზე დაამყაროს კონტროლი, რაც ამჟამად მის კონტროლს არ ექვემდებარება.

მანამდე 20 დეკემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავს სტუმრობდა, სადაც ის საკრებულოს წევრებს შეხვდა ნაციონალური მოძრაობიდან; ანალოგიური შეხვედრები მან 19 დეკემბერს ქუთაისსა და ქობულეთშიც გამართა.

„მაინც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგება კანონიერება და წესრიგი“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ახალი მთავრობა მისი და ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით ბოლო ცხრა წლის მანძილზე აშენებული სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებას ისახავს მიზნად.      

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ზოგიერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი მთავრობაში დაბრუნდა.

მისი თქმით, ახლა ეს ხალხი უკან დაბრუნდა და „მათ კონკრეტული პროგრამა აქვთ – პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა“.

„პრემიერ-მინისტრს შემდეგი 50 წელიწადი არ ეყოფა იმისათვის, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენი აშენებული გაასწოროს მიწასთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button