Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო


პატიმართა რაოდენობა საქართველოში 2012 წლის იანვარ–თებერვალში. წყარო: საქსტატი

პარლამენტმა 7 დეკემბერს 83 ხმით 10–ის წინააღმდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი პატიმრებისთვის ამნისტიის რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს დანაშაულის მთელი რიგი კატეგორიებისთვის, როგორიცაა სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, სასჯელის განახევრება ან მისი შემცირება ერთი–მესამედით ან ერთი მეოთხედით.

კანონპროექტის თანახმად, ის 190 პატიმარი, რომლებიც პარლამენტმა 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტპატიმრებად აღიარა, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი მონაცემების თანახმად, ამნისტიის შედეგად 3 000–მდე პატიმარი გათავისუფლდება, თუმცა უფრო ზუსტი მონაცემები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დეპუტატები მეორე მოსმენის დროს მუხლობრივად განიხილავენ პროექტს. 

გარდა ამისა, დაახლოებით, 5 500 პატიმარს, ან უფრო მეტს (სავარაუდოდ 6 000) შესაძლოა ვადამდელი გათავისუფლება შეეხოს, რადგანაც დაგეგმილი ამნისტიის შედეგად მათი სასჯელები განახევრდება, ან ერთ–მესამედით ან ერთი–მეოთხედით შემცირდება. ვადამდელი გათავისუფლების მექანიზმი არ გულისხმობს, რომ ეს პატიმრები ავტომატურად გათავისუფლდებიან; მათ საქმეებს სპეციალური კომისია  განიხილავს ინდივიდუალურად.   
  
საქართველოში პატიმართა რაოდენობამ, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე, 2012 წლის დასაწყისიდან შემცირება დაიწყო და იანვარში არსებული 24 000–დან ოქტომბერში 21 425 შეადგინა.

ეს კლების ტენდენცია ნოემბერშიც გაგრძელდა, ვინაიდან ზოგიერთი პატიმარი ან ვადაზე ადრე ან პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა.

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან განზრახ დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელმაც სრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. თუმცა კანონპროექტი ასევე ადგენს გამონაკლის შემთხვევებს და შესაბამისად ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ჩადენილი აქვთ შემდეგი კატეგორიის დანაშაულებები: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ; არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში; ბავშვის შეცვლა; პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან მუქარით; დანაშული სახელმწიფოს წინააღმდეგ; სამოხელეო დანაშაული; სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა; დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ; დანაშაულის დაფარვა; დანაშაულის შეუტყობინებლობა; განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან/და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა; მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ.


პატიმართა რაოდენობა საქართველოში 2001–2012 წლებში. წყარო: საქსტატი

კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხებათ იმ პირებსაც, რომელთაც „ნაკლებად მძიმე“ დანაშაული ჩაიდინეს არასრულწლოვნების ასაკში, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონით სრულად გათავისუფლდებიან სასჯელისგან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირები, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა. თუმცა ასეთი კატეგორიის შემთხვევაში, დეპუტატების განცხადებით, მეორე მოსმენისთვის შესაძლოა კანონპროექტში აისახოს დათქმა, რომ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში პირი გათავისუფლდეს.  

სასჯელისგან სრულიად გათავისუფლდებიან დანაშაულის პირველად ჩამდენი პირები, რომელთაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

კანონპროექტის თანახმად, სასჯელისგან სრულად თავისუფლდებიან დანაშაულის პირველად ჩამდენი პირები, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო იხდიან სასჯელს; თუმცა ეს არ შეეხება იმ დანაშაულებს, რომლებიც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება.

სასჯელი სრულად მოეხსნებათ იმ პირებს, რომლებიც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო იხდიან სასჯელს.

კანონპროექტის თანახმად სასჯელი გაუნახევდებათ იმ პირებს რომლებსაც ჩადენილი აქვთ შემდეგი კეტეგორიის დანაშაული: მითვისება ან გაფლანგვა; წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება; მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა; კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება ან გავრცელება; პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა; სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება; ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება  ან გამოყენება; საბაჟო წესების დარღვევა; გადასახადისათვის თავის არიდება; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება,  გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამოწვევა; ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი; ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება/გასაღება; ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელის ერთი–მესამედით შემცირებას „მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულის ჩამდენი ქალებისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

კანონპროექტი ერთი მეოთხედით ითვალისწინებს სასჯელის შემცირებას იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მკვლელობისთვის,  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის, ტერორიზმისა და სხვა იმ დანაშაულებისთვის არ იხდიან სასჯელს, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ნოემბერში, რომ ამნისტიამ შესაძლოა „რაღაც ეტაპზე“ კრიმინალის გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა დასძინა, რომ „საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“.

8 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა გაიმეორა მაშინდელი განცხადება და აღნიშნა, რომ ამნისტირებული პატიმრების „პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში იყო“.

„რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე შესაძლებელია, რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, მე არ მქონდა მხედველობაში, რომ მუდმივად და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომ  გაიზრდება კრიმინოგენული სიტუაცია ქალაქში თუ საქართველოში, თუ ქვეყანაში… მოსახლეობამ გაგებით უნდა მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი არის ჰუმანური და აუცილებელია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კობა დავითაშვილი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რომლითაც ამნისტირებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button