skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება იგეგმება



CMD Ingenieros–ის დაპროექტებული 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი პარლამენტის ახალი შენობა, რომელსაც 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა გასდევს ზოლად.

დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოდიან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში დაბრუნებას.

პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებათა პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტის ადგილმდებარეობა რეგლამენტით დარეგულირდება და არა კონსტიტუციით, როგორც დღეს არის.

პარლამენტი ქუთაისში ახალ შენობაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავიდა. იმავდროულად, პარლამენტის პირველ შეკრებამდე განხორციელდა თბილისში პარლამენტის შენობაში განთავსებული სხდომათა დარბაზების დემონტაჟი და იქ არსებული ქონებისგან შენობის დაცლა.

ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა Civil.ge-ს 3 დეკემბერს, რომ მისი ვარაუდით პარლამენტის ძველ შენობაში გადასვლა, რომელიც როგორც აქტივი საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე დაბრუნდა, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ან დასრულების შემდეგ დაახლოებით იმ დროში იქნება შესაძლებელი, რაც საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და თბილისში შენობის გარემონტებას დასჭირდება.

კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება 3 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იგეგმება, რის შემდეგაც პროცედურულად ერთი თვეა საჭირო მისი საერთო-სახალხო განხილვისთვის, რასაც შემდგომ პარლამენტის მიერ მისი სამი მოსმენით მიღება უნდა მოჰყვეს.

„ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს დამოუკიდებლად ვერ დაამტკიცებს, ვინაიდან მას ამისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს. უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატების მხარდაჭერა დასჭირდება ამ ინიციატივის მისაღებად. 

„ვფიქრობ, რომ ყველა თუ არა, ნაწილი მაინც დაუჭერს მხარს, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც კარგად ხედავენ ამ გადაწყვეტილების [ქუთაისში პარლამენტის გადატანის] აბსურდულობას“, – განაცხადა ხმალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ინიციატივა მოტივირებულია იმის პრაქტიკული საჭიროებით, რომ პარლამენტი და მთავრობა  ერთ ქალაქში ფუნქციონირებდეს.

„დღევანდელი ვითარება არის არანორმალური, ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას და საბოლოო ჯამში, არის მნიშვნელოვნად წამგებიანი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ხმალაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისში პარლამენტის შენახვა „მილიონებით“ ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე „პარლამენტის შენახვა იყო თბილისში“.

საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით 2011 წლის ივლისში კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რითაც შეიცვალა ორი წლით ადრე მიღებული საკონსტიტუციო შესწორება, რომ ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები გამართულიყო, ხოლო სხვა საქმიანობა, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, კვლავაც თბილისში წარმართულიყო. ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გამოცხადებას პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერდა, როგორც ქვეყნის დეცენტრალიზაციისაკენ გადადგმულ „ისტორიულ“ ნაბიჯს.

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობისთვის ადგილის მოსამზადებლად მაშინდელმა ხელისუფლებამ 2009 წლის დეკემბერში "დიდების მემორიალი“ ააფეთქა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით განხორციელდა და მას დედა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით, მშენებლობის პროცესში ერთი მუშა დაიღუპა.

40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი ახალი შენობის მშენებლობა, არსებული ინფორმაციით, 360 მლნ ლარი დაჯდა. შენობის სრულად დასრულებას, რომელშიც მერვე მოწვევის პარლამენტმა ისე დაიწყო ფუნქციონირება, რომ ის ჩაბარებული არ არის, დამატებით, 15-20 მლნ ლარი ესაჭიროება, პარლამენტში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მონაცემებით. 

ამ ჯგუფმა, რომელმაც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში პარლამენტის სასახლის მშენებლობის საკითხი შეისწავლა,  განაცხადა, რომ მშენებლობის პროცესში არ არსებობდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშსწორებისათვის დადასტურება ხდებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით ქუთაისის მერიის მიერ, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ სუბიექტს ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად.

ტყემალაძემ 21 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე თავის მოხსენებაში განუცხადა დეპუტატებს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულებაში შენობის მშენებლობის ღირებულებად, დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი განისაზღვრა, რის შემდეგაც ხელშეკრულებაში შეტანილი შვიდი შესწორების შედეგად თანხა ეტაპობრივად იზრდებოდა და „დღეისათვის უკვე გადახდილია 360 მლნ ლარი“.  „სახელმწიფო ბიუჯეტს აცდენილია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა მან.

ამ მოხსენების  მოსმენის შემდეგ პარლამენტმა 21 ნოემბერს მიიღო დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ქუთაისში პარლამენტის სასახლის მშენებლობისას სახსრების მოპოვებისა და მათი მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე არაგეგმიური აუდიტის ჩატარება დაავალა.

This post is also available in: English Русский

Back to top button