ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი არადამიანული მოპრობის ბრალდებით დააკავეს
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ბლიაძე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 30 ნოემბერს დააკავეს, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.
საქმე ეხება 2009 წლის 1 იანვარს ბაკურიანში მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებული სამი პირის მიმართ ბორჯომის პოლიციის სამმართველოს შენობაში განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება. გამოძიებას მოწმის სახით ჩვენება მისცა ასევე პოლიციელმა, რომელიც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ასევე ჩატარდა ამოცნობის პროცედურა, აცხადებს პროკურატურა.
დაზარალებულს, რომლის ვინაობასაც პროკურატურა არ ასახელებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას დაკავებულ მამუკა ხვედელიანთან და ალექსანდრე ბლიაძესთან ერთად აყენებდნენ ბორჯომის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ამ საქმის დეტალებზე 30 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მამუკა ხვედელიანის ბრძანებით ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები, გახადეს ტანზე და გააუპატიურეს სკამის ფეხით. მამუკა ხვედელიანის დავალებითვე, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავისი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულს გადაუღო რამოდენიმე სურათი. ამის შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ მას, რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე“, – განაცხადა კბილაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამის შემდეგ დაზარალებულს კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დილამდე ამყოფეს პოლიციის შენობაში და შემდეგ სახლში გაუშვეს.
მამუკა ხვედელიანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხებული მაჟორიტარი კანდიდატია ბორჯომის ერთმანდატიან ოლქში, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხმათა 36.5% დააგროვა.
კბილაშვილის თქმით, ხვედელიანი „გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი, რომლებთან დაკავშირებითაც გამოძიება გრძელდება“.
მეორე დაკავებულთან, ალექსანდრე ბლიაძესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიების ინფორმაციით, მან „დაზარალებულს ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა მიეცა ჩვენება ჩხუბთან დაკავშირებით“.
დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)