skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი, რომელიც 27–29 ნოემბერს საქართველოს სტუმრობს, დღეს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას „ძალიან მეგობრული შეხვედრა“ ჰქონდა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან.

„მე იმედი გამოვთქვი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება და დავარწმუნე, რომ გაცილებით საიმედო და კომფორტული იქნება ჩვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ იგი საქართველოს რამდენიმე მიზეზის გამო სტუმრობს. 

„ერთ–ერთია განვიხილოთ სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ურთიერთობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ, როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საქართველო წინ წავიდეს ნატოსა და ევროკავშირში წევრობისკენ არსებული მისწრაფებების მიღწევის გზაზე და როგორ შეიძლება კვლავაც გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ავღანეთში“, – განაცხადა რუბინმა.

თბილისში ვიზიტის დროს ერიკ რუბინი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.  თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი ერთ–ერთია იმ ოთხი ჯგუფიდან, რომლებიც ორ ქვეყანას შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და კიდევ სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: ვაჭრობას და ეკონომიკას, დემოკრატიას და ხალხთა შორის კავშირებს.

„მე აქ ასევე იმიტომ ვარ, რომ ვისაუბროთ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს პროგრესს იმ პრიორიტეტებში, რომლებიც ახალმა მთავრობამ დასახა, მათ შორის ეკონომიკურ წინსვლაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა რუბინმა, „მე აქ ვარ, რათა დავილაპარაკოთ, თუ რა სახით შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, როგორც ამაყი დემოკრატიული ქვეყნის, წარმატების ტრანზიციას არჩევნების შემდეგ; ჩვენ სრულიად მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას იმ მისწრაფებების მიღწევაში, რომელიც მან დაისახა“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც განაგრძობს „საქართველოს პოზიციის ძლიერ მხარდაჭერას“ ჟენევის მოლაპარაკებებზე.

ერიკ რუბინის თქმით, გზავნილი, რომელიც დეკემბერში ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდზე გაკეთდება, ასევე იქნება „იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ პროგრესს მივაღწიოთ იმ სირთულეების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ჟენევაში ვდგავართ, პროგრესს მივაღწიოთ მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, პროგრესს მივაღწიოთ ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებაში და დაძაბულობის შემცირებაში“.

„ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ უკეთესი რეგიონალური ინტეგრაცია იქნას მიღწეული რეგიონში არსებული ყველა ქვეყნის სასიკეთოდ. მიგვაჩნია, რომ უკეთესი ურთიერთობებია შესაძლებელი ყველასთვის; ეს არ არის ნულოვანი ჯამის მქონე თამაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ–მინისტრის ძალისხმევას, გააუმჯობესოს საქართველოს ურთიერთობები რეგიონში და ეს სწორედ ისაა, რაშიც ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, როდესაც ჟენევაში ჩავალთ“, – განაცხადა რუბინმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button