ახალი ამბები

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა

პარლამენტმა 21 ნოემბერს კენჭისყრაზე ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი წევრი უნდა ჰყოლოდა, ხოლო კომისიისთვის ოპოზიციის წარმომადგენელს ეხელმძღვანელა. 

ამჟამად მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვითაც  საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მისი შემადგენლობის ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციის სასარგებლოდ ამ ბალანსის შეცვლის თაობაზე ინიციატივა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის შემდეგი პუნქტის საფუძველზე შეიმუშავა; „დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ერთ–ერთ მძლავრ მექანიზმს წარმოადგენს, საპარლამენტო უმცირესობას უფრო მეტი წევრი უნდა ჰყავდეს, ხოლო თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას“.

ამ ინიციატივის ჩაგდებას წინ უძღოდა დებატები ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ოპონენტები წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კი განაცხადეს, რომ ისინი ამ დაპირების შესრულებაზე უარს არ ამბობენ, თუმცა ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ მისი განხორციელება, ვინაიდან წინა მთავრობის შესაძლო დანაშაულებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ობიექტურად ვერ გამოიძიებენ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ როცა „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ოპოზიციას უნდა ეხელმძღვანელა, მან წინასწარ იცოდა, რომ დღის წესრიგში წინა მთავრობის საქმეების გამოძიების საკითხი შეიძლება დამდგარიყო. მისი თქმით, პირველივე შემთხვევაში, როცა კონკრეტულ დაპირების შესრულების საკითხი დადგა, „ქართული ოცნება“ ეძებს არგუმენტებს, რათა თავიდან აირიდოს მისი შესრულება.

„ეს არის პირველი ძალიან მარტივი ტესტი რამდენად შეასრულებს „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო დაპირებებს“, – განაცხადა ბაქრაძემ, „ეს ძალიან ცუდი და სიმპტომური ნიშანია ყველა დანარჩენ დაპირებასთან დაკავშირებით“.    

ანალოგიური პოზიცია გამოთქვა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან და განაცხადა: „ჩვენთვის მართალაც არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მართალი რომ გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი ტიპის კომისიებში უმრავლესობაში ვიქნებით თუ უმცირესობაში“.

„თუ არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა ამ კანონს მივიღებთ თუ არ მივიღებთ, მაშინ რატომ შემოგაქვთ? სპექტაკლი რომ დაიდგას, ჩვენი კოლეგები რომ გაცხარდნენ, კონფლიქტის პროვოცირება რომ მოხდეს?“ -მიმართა გაბაშვილს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიების თემა დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ისევ დადგება დღის წესრიგში.

რესპუბლიკელმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში „დროულად“ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელსაც, მისი თქმით, დეპუტატი თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს და გამოიძიებს წინა ხელისუფლების მიერ გაუხსნელ საქმეებს, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია საპარლამენტო მექანიზმების პარალელურ რეჟიმში ამოქმედება მაშინ, როცა ეს კომპეტენცია პირდაპირ აკისრია მთავარ პროკურატურას, რომელსაც ასევე „ქართული ოცნება“ აკონტროლებს.

გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია „ქართულ ოცნებას“  იმისთვის სჭირდება, რომ „საპარლამენტო ბეჭედი დაარტყას“ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ „ცილისმწამებლურ კამპანიას“.

დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას „ძალიან ეშინია“ საგამოძიებო კომისიის შექმნის. 

„თუ ვინმე უმრავლესობიდან ან ჩვენი მთავრობიდან მიქარავს, ისიც აგებს პასუხს სწორედ ისე, როგორც აგებენ თქვენი ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხს. და შერჩევითი მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ იქნება“, – განუცხადა მან კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან.

Back to top button