skip to content
ახალი ამბები

განახლება: ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

(განახლება: მესამე, მეოთხე და მეხუთე აბზაცებში დაემატა ციტატები ნატოს პრეს–რელიზიდან).  

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა 20 ნოემბერს ბრიუსელში მონაწილეობა მიიღეს ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაში.

შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა.

„ეს იყო ნატო–საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა. გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი. მან განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება“, – ნათქვამია ნატოს პრეს–რელიზში.

ამავე პრეს–რელიზის თანახმად, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „გასულ კვირას მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს, ისე პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს და მათთან თანაარსებობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის სრული დაცვით“.

„მოკავშირეები მიესალმდნენ საქართველოს მზარდყოფნას, რომ კვლავაც განახორციელოს რეფორმები თავდაცვის სფეროში და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩეს. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ISAF–ის ოპერაციაში მისი წვლილის გაზრდისთვის, რის შედეგადაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე მსხვილი არაწევრი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი კონტიგენტი ჰყავს ნატოს ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა ალიანსმა.

„დავარწმუნეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორები, რომ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო ძლიერი და პროგნოზირებადი და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა ამ არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ალასანიამ, „გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის დაკავებებზე, რამაც გამოიწვია ყურადღების გამახვილება ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან“.

ნატოს სურვილია, რომ იხილოს კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის არარსებობა საქართველოში და „მე ავუხსენი ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ საქართველოში 1 ოქტომბრის შემდეგ შერჩევითი სამართალი დასრულდა და ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ტრანსპარენტული“.

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე პრემერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  სტუმრობდა ბრიუსელს, სადაც ის სხვა ოფიციალური პირებთან ერთად ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს გოფ რასმუსენსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button