ახალი ამბები

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო მთავრობას და თბილისის მერიას შორის არსებული დავის შესახებ

სოციალური პროგრამების დაფინანსების ვალდებულების დედაქალაქის მერიიდან ცენტრალურ მთავრობაზე გადატანა საბიუჯეტო კანონმდებლობის „უხეში დარღვევით“ განხორციელდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული პროგრამების განხორციელება, განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ 14 ნოემბერს.

მერიას და მთავრობას შორის არსებული დავა, რომელიც ასიათასობით თბილისელისთვის  სოციალური დაცვის პროგრამის, მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის და საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსებას ეხება, მოუგვარებელი რჩება. აღნიშნული პროგრამების დაფინანსება თბილისის მერიის ვალდებულება იყო, თუმცა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ექვსი დღით ადრე, მისმა წინამორბედმა 19 ოქტომბრის დადგენილებებით ამ პროგრამების დაფინანსების ვალდებულება ცენტრალურ მთავრობას დააკისრა.

ამ დადგენილებებით, როგორც საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო თავის ბლოგზე წერს, ყოფილმა მთავრობამ „უხეშად დაარღვია“ საბიუჯეტო კოდექსი, რომელიც ადგენს ვალდებულებას, რომ პარლამენტმა შესწორებები შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ნებისმიერი ფინანსური ცვლილების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ერთი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

საბიუჯეტო ცვლილებების გვერდის ავლით მიღებული ეს დადგენილებები ახალმა მთავრობამ 31 ოქტომბერს გააუქმა, რაც საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს შეფასებით, „მართებული ნაბიჯი იყო, ზემოაღნიშნული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით“.

იმავდროულად, ახალმა მთავრობამ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კვლავ დედაქალაქის მერიას დაუბრუნა. თუმცა იმ მომენტისთვის, თბილისის მერიის მოთხოვნით სოციალური პროგრამების ვალდებულებებისაგან გამოთავისუფლებული 21.9 მლნ ლარი უკვე სხვა პროგრამებზე იყო გადანაწილებული 20 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს მიერ 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად.

„საკუთარი ხარჯების სხვისთვის დაკისრება და ამგვარად გამოთავისუფლებული თანხების სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართვა არის ისეთი მანევრირება, რასაც არ ცნობს და არც შეიძლება ცნობდეს საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობა“, – აცხადებს საერთაშორისო-გამჭირვალობა საქართველო.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, წარმოქმნილი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს თბილისის საკრებულოს მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გაუქმებით ან ახალი საბიუჯეტო ცვლილებების ინიცირებით.

„ამასთან, მნიშვნელოვანია დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო.

Back to top button