
პარლამენტმა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვისას, 13 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პირობა დადო, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენის შემდეგ დეტალურად იქნება გაწერილი ახალი მთავრობის დაპირებების შესრულების გეგმა.
ერთადერთი, რაც ამ კუთხით ფინანსთა მინისტრმა დააკონკრეტა, არის პირველ ეტაპზე ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ფულადი კომპონენტის, დაახლოებით, 150 ლარამდე ანუ დღესდღეობით დადგენილ საარსებო მინიმუმამდე გაზრდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე თავად ამ მინიმუმის მიახლოება რეალურ მაჩვენებელთან.
67 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის მინიმალური პენსია 100 ლარს შეადგენს, ხოლო 67 წლის ასაკის ზევით პენსიონერთათვის პენსიის მინიმალური ოდენობა სექტემბრიდან 125 ლარი გახდა. ასევე ყველა ასაკით პენსიონერი სექტემბრიდან 15-ლარიანი არაფულადი დაზღვევის პოლისით სარგებლობს.
ამგვარი ასაკობრივი დიფერენციაცია გაუქმდება და მომატებული პენსიით ყველა თანაბრად ისარგებლებს, განაცხადა ნოდარ ხადურმა და აღნიშნა, რომ პენსიების ზრდის დაფინანსებას მაქსიმუმ 240 მლნ ლარი დასჭირდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 682 ათასი რეგისტრირებული ასაკით პენსიონერისთვის ოქტომბერში 83.17 მლნ ლარი გადაირიცხა მათი საპენსიო უზრუნველყოფისთვის. საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გრძელდება დამატებითი თანხების მოძიება, რათა გაიზარდოს 740 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ამ ეტაპამდე იქნა გამოძებნილი ახალი მთავრობის დაპირებების შესასრულებლად სხვადასხვა უწყებების დაფინანსების შემცირების ხარჯზე.
მთავრობაში ამჟამად მოქმედი 20 სამინისტროდან, მომავალ წელს ნახევარს, ძირითადად იმ უწყებებს, რომლებიც ახალი მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს კურირებენ, დაფინანსება გაეზრდება, რვა სამინისტროს ბიუჯეტი შეუმცირდება წლევანდელთან შედარებით, ხოლო ორს დაფინანსება იგივე დარჩება.
ფინანსთა მინისტრმა უარყო ნაციონალური მოძრაობიდან ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა, რომ ახალი მთავრობა მომავალი წლისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენებას აპირებს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
უმცირესობიდან დეპუტატების მტკიცებით, ამ გეგმაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მისი სარეზერვო ფონდის, უშიშროების საბჭოს აპარატის, სასამართლოების და თვითმმართველობების დაფინანსების შემცირება მიუთითებს. ამ უწყებებს კვლავ ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს.
ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი „ხალხზე ზრუნვის“ სოციალურ დოკუმენტს წარმოადგენს, არამიზნობრივი ხარჯების გაწევა არ მოხდება და სწორედ ამიტომ არის დაყვანილი მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო მინიმუმადე ყველა უწყების დაფინანსება.
უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ დატოვებს უფუნქციოდ ამ უწყებას მისი დაფინანსების არსებული 24.7 მლნ ლარიდან მომავალ წელს 1.8 მლნ ლარამდე შემცირება, ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ უშიშროების საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად, არ წარუდგენია ანგარიში, თუ რა ღონისძიებებზე დახარჯა მან წელს გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი. მან ასევე განაცხადა, რომ თუ უშიშროების საბჭო დაასაბუთებს დამატებითი ხარჯების საჭიროებას, ფინანსთა სამინისტრო ამ წინადადებებს განიხილავს.
დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უშიშროების საბჭო თანხებს საზღვარგარეთ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებზე ხარჯავდა ყოფილი მმართველი პარტიის პიარისთვის.
ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თვითმმართველი ერთეულებისთვის დაგეგმილი ტრანსფერები კანონით გათვალისწინებული ფორმულით არის გათვლილი. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ დედაქალაქს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ტრანსფერი, რაც 448.4 მლნ ლარს შეადგენს (2012 წელს თბილისისთვის 445 მილიონი ლარია გამოყოფილი), არ შეუმცირდება.
„ნოემბრის ბოლოს უფრო გამჭირვალე ბიუჯეტს მოვიტანთ, რათა საქართველოს გადასახადის გადამხდელმა იცოდეს რაში იხარჯება მათი გადახდილი გადასახადები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დეკემბერში უყრის კენჭს.
This post is also available in: English Русский