Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი აირჩია

ახალარჩეულმა პარლამენტმა, მისი უფლებამოსილების ცნობისა და ფრაქციების ფორმირების შემდეგ, თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დაამტკიცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან.

უსუფაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი – 3 დეპუტატით იმაზე მეტმა, ვიდრე კოალიცია „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი პარლამენტში.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტი ხმა  – 92 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ორი ვიცე–სპიკერის დამტკიცებისას.

92 დეპუტატმა დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძის, ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის არჩევას და ასეთივე მხარდაჭერა მიიღო ვიცე–სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით დამტკიცებულმა ზვიად ძიძიგურმა, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან დეპუტატ ზურაბ აბაშიძის ვიცე–სპიკერის პოსტზე არჩევას 90–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თუმცა უმრავლესობის მესამე კვოტა სპიკერატში ვაკანტური დარჩა მას შემდეგ, რაც მრეწველთა პარტიიდან კოალიციის სიით არჩეულმა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ნებაყოფლობით თქვა უარი ვიცე–სპიკერის თანამდებობის დაკავებაზე. ტყემალაძემ მისი უარის მოტივად დაასახელა ის, რომ მას არ მიაჩნია სწორად 150–წევრიან პარლამენტში „ამდენი ვიცე–სპიკერის არსებობა“ და რომ მისი გადაწყვეტილების გამო პარლამენტი დაახლოებით 150 ათას ლარს დაზოგავს ყოველწლიურად იმ პრივილეგიებზე ხარჯების ეკონომიის გზით, რაც საკანონმდებლო ორგანოს ვიცე–სპიკერის შენახვა უჯდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ ტყემალაძის ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ „უმრავლესობა არ იყენებს მისთვის რეგლამენტით გათვალისწინებულ თანამდებობას“, რომლის საერთოდ გაუქმება იგეგმება პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით ვიცე–სპიკერი 81 დეპუტატის მხარდაჭერით მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ის ამ პოსტზე აჭარის ოლქებში არჩეული ექვსი დეპუტატიდან ხუთმა წარადგინა. მისი წარდგენისათვის აჭარის დეპუტაციის უმრავლესობის თანხმობა იყო საჭირო. აჭარის სამ ოლქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა მაჟორიტარულ არჩევნებში, ხოლო დანარჩენ სამში – ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის დეპუტატიც ქედის რაიონიდან ერთადერთი იყო, ვინც მხარი არ დაუჭირა დუმბაძის წარდგენას.

საპარლამენტო უმცირესობის კვოტით პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე გახდა. დიდი ხნის პარლამენტარს და ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ამ პოსტზე 92–მა კოლეგამ დაუჭირა მხარი, ხოლო 27 წინააღმდეგი წავიდა.

მსგავსი/Related

Back to top button