ახალი ამბები

წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს


საუბნო კომისიის წევრები დათვლის პროცესის დაწყების წინ ყუთს ბიულეტენებისგან ცლიან თბილისის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი წინასწარი მონაცემებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

თუმცა, საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში, პროპორციულ არჩევნებში გამარჯვება, რომლის შედეგადაც 150 ადგილიდან 77 მანდატის გადანაწილების საკითხი წყდება, არაა საკმარისი პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად.

დანარჩენი 73 მანდატი საკანონმდებლო ორგანოში ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის გადანაწილდება.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკმაოდ ნელა ქვეყნდება; პირველი ოქმების გამოქვეყნება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღამის 4 საათიდან დაიწყო, ხოლო დილის 9 საათისთვის უბნების მხოლოდ 15.3%–ის შედეგები იქნა გამოქვეყნებული; 12 საათისთვის ცესკომ უბნების თითქმის მეოთხედის, 24.22%–ის შედეგები გამოაქვეყნა

ამ შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ ლიდერობს ხმების 53.02%–ით, ხოლო შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა ხმების 41.75%–ით. 

ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა პროპორციული სისტემით 5%–იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. წინასწარი შედეგებით, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ 2.2%–ზე ოდნავ მეტი მიიღო.

ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარეს პროპორციული სიით არჩევნების წაგება. 

თუმცა, ქართულიც ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც აცხადებენ, რომ უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მათ არჩევნები მოიგეს; ნაციონალურმა მოძრაობამ ისიც კი განაცხადა, რომ თბილისის გარეთ სულ ცოტა 53 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების ხარჯზე, მას პარლამენტში უმრავლესობა ექნება.

ამ ეტაპზე, ძალიან ცოტა შედეგებია ოლქებიდან იმის შესაფასებლად, თუ როგორ გადანაწილდება მანდატები ახალ პარლამენტში, რომელიც უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ახალ პრემიერ–მინისტრს აირჩევს, ხოლო 2013 წელს პრემიერის არჩევა მოუწევს ახალი გაძლიერებული უფლებამოსილებებით მას შემდეგ, რაც ახალი საკონსტიტუციო დებულებები შევა ძალაში.

თუ პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგები ძალაში დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ წელს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება. სულ ცოტა, 76 ხმაა საჭირო პრემიერ–მინისტრის დასამტკიცებლად.

მსგავსი/Related

Back to top button