ახალი ამბები

პროკურატურამ გოგა ხაინდრავა დასაკითხად დაიბარა

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გოგა ხაინდრავა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაიბარა, რაც იმ ინფორმაციას უკავშირდება, რომელიც მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას თქმით, საფრანგეთის რესპუბლიკის ჯანდარმერიისგან მიიღეს.

„დღეს 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საფრანგეთის სასამართლოს სანქციით ჩვენ გადმოგვეცა აღნიშნული ინფორმაცია“, –  განაცხადა ზოდელავამ საგანგებო ბრიფინგზე.

„ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას“, – განაცხადა მან. 

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებენ“, – დასძინა ზოდელავამ.

შემდეგ მთავარმა პროკურატურამ მედია საშუალებებს გადასცა მასალები, რომელიც ზოდელავას თქმით,  „წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის ზუსტ თარგმანს“.  ამ ინფორმაციის თანახმად, ხაინდრავა საფრანგეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ რევაზ ლორთქიფანიძეს 2011 წლის 9 ნოემბერს შეხვდა, რათა მისთვის კრიმინალური ავტორიტეტების დახმარება ეთხოვა საპარლამენტო არჩევნებში ფულით და შესაძლოა იარაღითაც და ამის სანაცვლოდ, ხაინდრავამ მათ საქართველოში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფის პირობა მისცა.

პროკურატურის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ხაინდრავამ ბრალდებებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მაესტროს“ ესტუმრა. მან ბრალდებებს სასაცილო და ფარსი უწოდა; ხაინდრავას თქმით, ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც ის საფრანგეთში შეხვდა; მან ასევე განაცხადა, რომ იგი საფრანგეთის საელჩოს მიმართავს წერილობით, რათა ახსნა–განმარტება მიიღოს, თუ რას ეხება ეს მასალები.

გოგა ხაინდრავა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004–2006 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის სააკაშვილის ოპოზიციაში გადავიდა. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ფარგლებში ხელისუფლებამ მას რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი, თუმცა მის წინააღმდეგ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები აღარ განხორციელებულა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მიიღო დეპუტატის მანდატი, თუმცა ხაინდრავამ სხვა კოლეგების მსგავსად მასზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა. ამჟამად ის არცერთ პარტიაში ან კოალიციაში არ არის გაერთიანებული. ცოტა ხნის წინ მან მოამზადა ხელისუფლების საწინააღმდეგო დოკუმენტური ფილმი „დემოკრატიის შუქურა“, რომელიც ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ გაუშვეს.

პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოაშკარავდებოდა კავშირები კანონიერ ქურდებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

„ამათ უნდოდათ, რომ ამ კვირაში ჩაეგდოთ შოკში ქართული საზოგადოება. ჩვენ უფრო ადრე აღმოვაჩინეთ ეს გეგმები და დავიწყეთ იმ ხალხის აღმოჩენა, ვინც ყველაფერ ამას აკეთებდა… ცოტა ადრე მოუვიდათ. მათ უნდოდათ არა მხოლოდ მთავრობის ჩაყენება ჩოქბჯენში, არამედ მთელი საზოგადოების ჩაყენება ჩოქბჯენში. მათ ილეთი უკან შეუბრუნდებათ და ჩვენ აუცილებლად სუფთაზე დავდებთ ბეჭებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა  24 სექტემბერს გურჯაანში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ხალხმრავალ შეხვედრაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button