
ეუთოს საარჩევნო დამკვირვებელთა მეორე შუალედური ანგარიში
საარჩევნო კამპანია „კიდევ უფრო პოლარიზებული“ გახდა და მმართველი პარტიის და „ქართული ოცნების“ ლიდერების და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო გზავნილების ტონი „კონფრონტაციული და ხისტია“, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში.
ანგარიში 6 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
OSCE/ODIHR-მა სადამკვირვებლო მისია 22 აგვისტოს დაიწყო. 16 ექსპერტისგან შემდგარი ძირითადი გუნდი თბილისში, ხოლო 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.
„საარჩევნო კაამპანიის პოლარიზაცია გაიზარდა“, – ნათქვამია ანგარიშში, „იმ დროს, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სისტემატურად გამოთქვამენ ეჭვებს ბატონი ივანიშვილის აქტივების წარმომავლობასთან და გამარჯვების შემთხვევაში მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, ქართული ოცნება ამაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფაქტების დამახინჯების ბრალდებით პასუხობს“.
„იმ დროს, როდესაც ოპოზიციას, როგორც ჩანს, ელექტორატისთვის საკუთარი გზავნილების მიწოდების საშუალება გააჩნია, ქართული ოცნების და სხვა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოხატავენ ოპოზიციურ შეხედულებებთან დაკავშირებით და ასევე საჯარო მოხელეებისა და სოციალური დახმარების მიმღებების მიმართ არსებული შეუმჩნეველი ზეწოლისა და დაშინების ატმოსფეროს გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მუნიციპალური ხელისუფლების და ხანდახან პოლიციის წარმომადგენლები ასეთ ამომრჩევლებს მიუთითებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და დაესწრონ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრებს. ოპოზიციის მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა იქნა დაკავებული“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს შემთხვევები, „როდესაც საჯარო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მასწავლებლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია „საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პროაქტიულ რეაგირებას აგრძელებს“.
დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადის 3 დღით გახანგრძლივებამ „პრაქტიკულად ვერ შეამცირა შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების მიმართ კრიტიკა და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გაუგებრობა“.
რეგისტრაციის ორი ფორმა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეეძლოთ მონაწილეობა. მათ, ვისაც „საკონსულო რეგისტრაცია“ ჰქონდათ გავლილი, ავტომატურად ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება – ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 10 სექტემბრისთვის 41 204–ს შეადგენდა.
რეგისტრაციის კიდევ ერთი ფორმა არსებობდა, რომელიც უფრო მარტივი იყო, ვიდრე „საკონსულო რეგისტრაცია“, ვინაიდან ის არ მოითხოვდა დიპლომატიურ მისიაში საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენას. 10 სექტემბრისთვის ამ გამარტივებული ფორმით მხოლოდ 1 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ცესკომ რეგისტრაციის ამ ფორმის შესახებ თავდაპირველი ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 10 სექტემბერს გააკეთა განცხადება. ქართველი ემიგრანტების ჯგუფმა გააკრიტიკა ცესკო იმის გამო, რომ მან ამგვარი განმარტება უფრო ადრე არ გააკეთა.
„უცხოეთში ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია დროულად არ ყოფილა მიწოდებული“, – ნათქვამია ანგარიშში. „გაუგებრობა ძირითადად გამოწვეული იყო საკონსულოებში რეგისტრაციის მიღებასა (რისთვისაც ამ კონკრეტულ ქვეყანაში იურიდიული მისამართის წარმოდგენაა საჭირო) და ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციის მიღებას (რისთვისაც კონკრეტულ ქვეყანაში იურიდიული მისამართის წარმოდგენა აუცილებელი არ არის) შორის განსხვავების ნაკლებობით. არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და არც ცესკოს ვებსაიტზე არ არის განთავსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება უცხოეთში ამომრჩეველთა რეგისტრირება“.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის მედიით გაშუქებას, ანგარიში აღნიშნავს, რომ მისი წინასწარი მონიტორინგის შედეგები აჩვენებენ, რომ „საარჩევნო კამპანიის დაბალანსებული გაშუქება მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა მაყურებლებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი ამბების გამოშვებებში როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების საქმიანობის თანაბარი პროპორციით, ძირითადად პოზიტიური ან ნეიტრალური ტონით, გაშუქება მოხდა“.
ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მიკერძოებულობის დემონსტრირება მოახდინეს“.
„მართალია „იმედმა“ ქართული ოცნების საქმიანობის გაშუქებას ყველაზე დიდი დრო დაუთმო (26 პროცენტი), თუმცა ამ გაშუქების ტონი ძირითადად ნეგატიური იყო. სამაგიეროდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების საქმიანობის გაშუქებას შესაბამისად 18 და 14 პროცენტი დაეთმო და გაშუქების ტონი, ძირითადად, პოზიტიური იყო“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „რუსთავი 2“–მა მთავარი საარჩევნო კონკურენტების საქმიანობის გაშუქებისას მსგავსი მიდგომის დემონსტრირება მოახდინა.
ანგარიშის თანახმად, „მეცხრე არხმა“ და „მაესტრომ“ მათი საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე დიდი ნაწილი (შესაბამისად 48 და 36 პროცენტი) ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებას“ მიუძღვნა, გაშუქების ტონი კი „ძირითადად პოზიტიური“ იყო.
ტელეკომპანია „კავკასიის“ ახალი ამბების გამოშვებები, ძირითადად, ქართული ოცნების საქმიანობაზე იყო ფოკუსირებული (27 პროცენტი), მაგრამ ამავე დროს, ამ ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებში საკმაოდ დიდი დრო ეთმობოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების (შესაბამისად 16 და 9 პროცენტი) საქმიანობების პოზიტიურად და ნეიტრალურად გაშუქებას.
დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „Must Carry/Must Offer“-ის პრინციპის ამოქმედების შემდეგ „მაესტროს“ ყურებადობის რეიტინგი სამჯერ გაიზარდა.
This post is also available in: English Русский