ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრმა ამერიკული ლობისტური ფირმა დაიქირავა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის აპარატმა 320 000 აშშ დოლარად 16 თვით საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობის ახლადშექმნილი ამერიკული ფირმა დაიქირავა, რომლის მიზანიც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და საზოგადოებისთვის „საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და პროგრამების ახსნა“ და გაცნობა იქნება.

Fianna Strategies-ის ერთადერთი დამფუძნებელია მოლი მაკკიუ, რომელიც ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმა  Podesta Group-ში მუშაობდა. Podesta 2010 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს კონტრაქტორი ფირმაა; Podesta-ში ყოფნისას მოლი მაკკიუს ერთ-ერთ მოვალეობა საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების წარმოება იყო.

Fianna Strategies-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისთვის გასაწევი მომსახურეობის მიზანი იქნება „საქართველოს მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი აშშ-ში მხარდაჭერის განვითარება.“
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, კონსულტანტი პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციას დაეხმარება „მიაწოდოს მისი პროგრამების და მიზნების შესახებ ინფორმაცია აშშ–ის შესაბამის აუდიტორიას“, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებას, აშშ–ის კონგრესს, არასამთავრობო და კველევით ორგანიზაციებს, ასევე მედია საშუალებებს.

მომსახურეობაში ასევე შედის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის რჩევის მიცემა საჯარო გამოსვლებისა და განცხადებების მომზადებისას.

გარდა კონტრაქტის ძირითადი ღირებულებისა, რომელიც 320 000 აშშ დოლარს შეადგენს, კონსულტანტი დამატებით ყოველთვიურად ასევე მიიღებს 1 500 აშშ დოლარს „გონივრული ხარჯების“ დასაფარად, რაშიც არ შედის საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრობის ხარჯები.  

ამას გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 50 000 აშშ დოლარის კონტრაქტს მოაწერა ხელი საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკულ კომპანია HDMK-სთან.

კონტრაქტის მიზანია „აშშ–ის მთავრობის წარმომადგენლებისა და აშშ–ის მედია საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდება თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, რადგანაც ისინი უკავშირდება აშშ–საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს პირდაპირ ურთიერთქმედებას სამინისტროს ოფიციალურ პირებსა და აშშ–ის შესაბამის სტრუქტურებს, საკანონმდებლო ორგანოსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის“, ნათქვამია HDMK-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტებში.

2011 წლის ბოლოსა და ამ წლის დასაწყისში HDMK–მ ასევე გაუწია მომსახურება საქართველოს განათლების სამინისტროსაც, როდესაც მას დიმიტრი შაშკინი ხემძღვანელობდა. შაშკინი, რომელიც ამჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრია, გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button