ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გაგრძელდა

ევროკავშირმა ხუთშაბათს საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ერთი წლით, 2013 წლის 14 სექტემბრამდე გააგრძელა, განაცხადა რა, რომ მისიამ „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“ ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის საქმეში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის მიზნით, დაახლოებით 200 უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს საქართველოში. მომდევნო 12 თვისთვის მისიას 20.9 მილიონი ევრო გამოეყო.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის საქმეში“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა 13 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, „მივესალმები მისი მანდატის გაგრძელებას კიდევ ერთი წლით, რაც საშუალებას მისცემს მისიას განაგრძოს საკუთარი ძალისხმევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით“.

ევროკავშირმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილეს გალის შეხვედრების განახლებაზე მუშაობისკენ მოუწოდა.  ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში მარტში გაიმართა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რაც ასევე მოიცავს ცხელი ხაზის ინსტრუმენტს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოს და სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელთა, ასევე სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენდა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი 36–ე შეხვედრა არ ჩატარდა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ მონაწილეობაზე უარი განაცხადა; მეორე დღეს სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. სოხუმი აცხადებს, რომ  მზად არის განაგრძოს მონაწილეობა ამ მექანიზმის შეხვედრებში, თუმცა იმ პირობით, თუ სადამკვირვებლო მისიას შეხვედრებზე ვინმე სხვა წარმოადგენს და არა მისი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი.

ტიშკევიჩი, პოლონეთის არმიის გადამდგარი გენერალ–ლეიტენანტი, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2011 წლის ივლისში დაინიშნა. მან ამ პოსტზე გერმანელი დიპლომატი ჰანსიორგ ჰაბერი შეცვალა, რომელიც მისიას მისი ჩამოყალიბების დღიდან, 2008 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

ევროკავშირმა 13 სექტემბერს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს „შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button