ახალი ამბები

NDI–ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 5 სექტემბერს მის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც მთელი რიგი მიმდინარე და პოლიტიკური საკითხების მიმართ რესპონდენტთა დამოკიდებულებას ასახავს.

კვლევა, რომელიც აგვისტოს პირველ ნახევარში ჩატარდა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც მოიცავს – ამ ნაწილს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

NDI–ის დაკვეთით  გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 31 ივლისი–12 აგვისტო პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 038 რესპოდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევის განხორციელება, რომლის ცდომილების ზღვარიც +/– 3%–ია, შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

NDI–ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შემდეგ ერთ–ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნა იყო. 

რესპოდენტთა 63% „ეთანხმება“ ვანო მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას; 16% არ ეთანხმება, ხოლო 18%–ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. 52% მიიჩნევს, რომ კვლევის ჩატარებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიღებული ამ საკადრო გადაწყვეტილების შედეგად მთავრობაში პრემიერ–მინისტრის როლი გაიზრდება, 29%–მა არ იცის; 15% ფიქრობს, რომ პრემიერის როლი არ შეიცვლება; და მხოლოდ 2%–ს ჰგონია, რომ დასუსტდება.

რესპოდენტთა 47%–მა იცის მთავრობის იმ 4–წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც მერაბიშვილმა წარადგინა სახელწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“, თუმცა დაახლოებით ამდენივეს (46%) არ აქვს ინფორმაცია მის შესახებ. აღნიშნულ გეგმაზეა აგებული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები.

გამოკითხულთა იმ ნაწილის 85%, ვისაც ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია აქვს, მხარს უჭერს მას და ყველაზე მნიშვნელოვანი თემების პირველ სამეულში ასახელებს: 1000 ლარიან ვაუჩერებს ყველა ოჯახისთვის (რომლებსაც ოჯახები 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებენ 250 ლარის ოდენობით ყოველწლიურად), სამუშაო ადგილებს და სოფლის მეურნეობას.

გამოკითხულთა 68% ეთანხმება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას. 48% მოელის, რომ ეს უწყება გააუმჯობესებს ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობას, ხოლო 22%–ს ამის მოლოდინი არ აქვს.

კვლევის ფარგლებში ასევე დაისვა შეკითხვა: „27 მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“. იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?“. ამ კითხვას რესპოდენტთა 66% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 22% აცხადებს, რომ იცის ამ გეგმის შესახებ. ამ 22%–იდან კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, თუ რომელია ივანიშვილის გეგმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ სამეულში სამუშაო ადგილებს, სოფლის მეურნეობას და სიღარიბეს ასახელებს. ინფორმირებულ რესპოდენტთა 82% მხარს უჭერს „ივანიშვილის გეგმას“.

ივნისთან შედარებით, 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62% შეადგინა იმ რესპოდენტების რაოდენობამ, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მოწოდებას ქუჩის აქციებისკენ არ დაუჭერს მხარს. ამგვარი მოწოდების მხარდამჭერთა რაოდენობამ ივნისთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით დაიკლო და ბოლო კვლევაში 16% შეადგინა.

უკანასკნელ კვლევებთან შედარებით, არ შეცვლილა და კვლავ 13%–ს შეადგენს იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება, თუმცა ივნისთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით, 47%–მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები მეტ–ნაკლებად კარგად ჩატარდება; 18% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაყალბდება; 3% ფიქრობს, რომ სრულად გაყალბდება; ხოლო 18%–ს არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. სამართლიანი არჩევნების მთავარ დაბრკოლებად რესპოდენტები კვლავ ამომრჩეველთა მოსყიდვას და სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპოდენტთა 77% აპირებს; მართალია ივნისის კვლევასთან შედარებით ეს მონაცემი მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, თუმცა გასული წლის სექტემბრის შემდეგ ზრდა 26 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.  

კითხვაზე არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, რესპოდენტების 42%–მა დადებითად უპასუხა, 40% კი უარყოფითად. ივნისში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 38% და 43% იყო.

გამოკითხულ რესპოდენტთა უმეტესობამ, 73%–მა იცის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ივანიშვილისთვის დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის შესახებ, რომელსაც 41% არ ეთანხმება, 39%–ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე; და მხოლოდ 16% აცხადებს, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.

რესპოდენტთა უმეტესობამ (67%) იცის ასევე იმის შესახებ, რომ პროკურატურამ დააყადაღა ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები „ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით“. ამ გადაწყვეტილებას 44% არ ეთანხმება, ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს 36%–ს, ხოლო 14%–ისთვის მისაღებია.

გამოკითხულთა 47% ეთანხმება და მხოლოდ 6%–ია წინააღმდეგი, რომ არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდზეც გახანგრძლივდეს ე.წ. „Must carry“-ის პრინციპი, რომელიც არჩევნებამდე 60–დღიან პერიოდში  ყველა საკაბელო ოპერატორს ავალდებულებს, რომ ყველა საინფორმაციო არხი გადასცეს.

ამასთან, „Must carry“-ის პრინციპის შემოღების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ივნისის ბოლოს დააკანონა, რესპოდენტთა 53% არ იყო ინფორმირებული.

კვლევის თანახმად, ტელევიზია რესპოდენტთა უდიდესი უმრავლესობის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 54% სატელევიზიო სიგნალს ანტენების მეშვეობით იღებს; 27% სატელიტური თეფშებით; ხოლო 23% საკაბელო ქსელების მეშვეობით. სამივე ამ საშუალებით ხელმისაწვდომია ნაციონალური არხები, თუმცა ანტენებით ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ სიგნალები არ ვრცელდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ნუსხაში, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილები (57%), ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (35%) და ტერიტორიული მთლიანობა (34%) პირველ სამეულშია. წინა ანალოგიურ კვლევასთან შედარებით განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ივნისში ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ მესამე ადგილზე ჯანდაცვის საკითხები მოდიოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button