
ევროკავშირის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება
ევროკავშირმა განაცხადა 3 სექტემბერს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები, რაც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, „კარგი პროგრესით ხასიათდება“.
„გვსურს დავადასტუროთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვრჩებით ერთგულები, რომ ეს ძალიან დინამიური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს მიერ 3 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი ევროკომისარ ფულეს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის ბრიუსელში 3 სექტემბერს შეხვდა.
ეშტონის და ფულეს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს შეინარჩუნოს დინამიური ტემპი და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დაასრულოს.
სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებასთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნულია რომ ევროკავშირის მიზანია „ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ამ წლის ბოლოსთვის წარმოვადგინოთ“.
ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა, ივნისში დაიწყეს.
ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტია.
ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხი და ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებლის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომობა.
განცხადებაში კვლავ დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის „მყარი მხარდაჭერა“.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, რომელიც ვანო მერაბიშვილს შეხვდა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გამოძებნოს კიდევ უფრო „პრაგმატული და კონსტრუქციული“ გზები, რათა ხელი შეუწყოს სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტის მოგვარებას.
„ევროკავშირსა და საქართველოს თანაზიარი ინტერესი აქვთ, რათა ეს იზოლირებული საზოგადოებები გაიხსნან მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა მან, „ევროკავშირთან მიახლოებისგან მიღებული სარგებელი – მაღალი სტანდარტები, თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციები და ვიზების ლიბერალიზაცია – ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ მოსახლეობისთვის, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილი აღმოჩნდნენ“.
ჰერმან ვან რომპუიმ ასევე აღნიშნა ევროკავშირის დახმარებით საქართველოში განხორციელებული „შთამბეჭდავი“ რეფორმები, რომლის შედეგადაც „უფრო ეფექტური ინსტიტუტები შეიქმნა და მოქალაქეებისთვის სერვისები გაუმჯობესდა“.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის შემუშავებული „მეტი მეტის სანაცვლოდ“ (რაც უფრო მეტ რეფორმებს განახორციელებს ქვეყანა, მით უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან) მიდგომის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს ახლახანს დამატებით 22 მლნ ევრო გამოუყო.