
ორი ქართული ბატალიონი ავღანეთისთვის ემზადება
32–ე ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედრო აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში მოსამზადებელ წვრთნებს გადის, 1 აგვისტო. ქართველი სამხედროები მისიის მოსამზადებელ წვრთნებში ავღანეთში განთავსების წინ მონაწილეობდნენ. ფოტო: ევროპაში აშშ–ის არმია, ჯოშუა ლეონარდი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსი“ მოინახულა, სადაც ავღანეთში განთავსების წინ ორი ქართული ბატალიონის სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს.
აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ქართველი სამხედროები მომზადებას გადიან.
ეს უკვე მეორე განთავსება იქნება ავღანეთში 32–ე ბატალიონისთვის და პირველი მე–12 ქვეითი ბატალიონისთვის მაშინ, როცა საქართველო წელს 1 600 სამხედრომდე გაზრდის თავის წვლილს ISAF-ის ოპერაციაში, რის შედეგადაც საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
საქართველომ უკვე 17 ჯარისკაცი დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)