ახალი ამბები

გაზეთის ცნობით, თიბილოვმა მიტოვებულ ქართულ სოფლებში ნანგრევების აღების ბრძანება გასცა

2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართული სოფლების მიერ დაკავებული ტერიტორიები, სადაც ამჟამად მხოლოდ ნანგრევები დარჩა, გაიწმინდება და სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო წარმოებისთვის იქნება გამოყენებული, იტყობინება რუსული გაზეთი „იზვესტია“ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილობის სიტყვებზე დაყრდნობით.

აგვისტოს ომამდე ცხინვალთან ახლოს, ძირითადად, ჩრდილოეთით, მდებარე რამდენიმე სოფელი საქართველოს მიერ კონტროლირებად ანკლავს ქმნიდა სამხრეთ ოსეთის ფარგლებში. ომის დროს და მისი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს სოფლები, მათ შორის თამარაშენი, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, ქურთა და კეხვი, გაიძარცვა და დაიწვა.   

„ეს ტერიტორიები არ იქნება გამოყენებული საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის, ამიტომ ამ [სოფლების] სახელწოდებების შენარჩუნება აუცილებელი არ არის; როგორც დასახლებული პუნქტები ისინი აღარ იარსებებენ“, – იტყობინება „იზვესტია“ თიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

„მე ვიტყოდი, რომ ის სახლები ჯერ არ აუღიათ, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ის ტერიტორიები, სადაც ეს ნანგრევები არსებობს, იურიდიულად გავაფორმოთ, რათა ხვალ და ზეგ არავის მხრიდან ჩვენს მიმართ კითხვები არ გაჩნდეს“, – განაცხადა მან.

„ამ სოფლების გასუფთავებას დავგეგმავთ. ეს ნანგრევები, რა თქმა უნდა, არც ისე კარგად გამოიყურება. ამ ტერიტორიებზე სამრეწველო სიმძლავრეების განვითარებას ვგეგმავთ“, – იტყობინება გაზეთი „იზვესტია“ სამხრეთ ოსეთის ლიდერის სიტყვებზე დაყრდნობით.

15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თიბილოვის განცხადება „უკანასკნელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების რიგში, სადაც ისინი ღიად აღიარებენ ეთნიკური წმენდის ამოცანას“.

„საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის, ისევე როგორც მისი შეუქცევადად გადაქცევისათვის გადადგმული ნაბიჯებისთვის, პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რჩება რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ და მას საოკუპაციო რეჟიმი განაგებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ და მოუწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს „სასწრაფოდ დააყენონ ეს საკითხი“ ოფიციალურ მოსკოვთან კონტაქტებში.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქართულმა ძალებმა 10 აგვისტოს ცხინვალის რეგიონი დატოვეს, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა პირებმა ”სამხრეთ ოსეთის ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების მიზანმიმართული და სისტემატური განადგურების კამპანია” დაიწყეს. 

„ისინი ძარცვავდნენ, სცემდნენ, ემუქრებოდნენ და უკანონოდ აკავებდნენ უამრავ ეთნიკურ ქართველს, ხოლო რამდენიმე მათგანი ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს… რათა დარჩენილებისთვის წასვლა ეძულებინათ და უზრუნველყოთ, რომ იქ მაცხოვრებლები უკან ვეღარ დაბრუნებულიყვნენ“, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 2009 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში.  დოკუმენტის თანახმად, „სამხრეთ ოსური ძალები ამ სოფლების ეთნიკურ წმენდას ცდილობდნენ“.

თბილისში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისთვის“, რომელიც დევნილთა და კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, გასულ წელს 12 სოფლის სატელიტური ფოტოები მოამზადა, რომლებიც რეგიონში ომამდე და ომის შემდეგ არსებულ ვითარებას ასახავენ და რომლებზეც მკაფიოდ ჩანს სოფლების განადგურების მასშტაბები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button