ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირისგან წევრობის პერსპექტივა სურს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 11 ივლისს, რომ ევროპა საქართველოს „იდენტობაა“ და მან იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირი წევრობის გარკვეულ პერსპექტივას დასახავს.

„ევროპა საქართველოსთვის არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანის საკითხი. ეს არ არის ცვლილების ან სხვადასხვა პოლუსებს შორის, სხვადასხვა მხარეებს ან სხვადასხვა ბლოკებს შორის მერყეობის საკითხი“, – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ გამოსვლისას.

„ჩვენთვის და ასევე ჩვენი მეგობრებისთვის მოლდოვაში [რომლის პრემიერ–მინისტრი ვლად ფილატი ასევე ესწრებოდა ბათუმის კონფერენციას], ევროპის ხიბლი ის არის, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს; ეს არის ჩვენი არჩევანი; ეს არის ჩვენი არსი, ეს არის ჩვენი იდენტობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ 2013 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება, ვინაიდან [მომავალ] წელს ჩვენ შესაძლოა ვიზების ლიბერალიზაციას მივაღწიოთ ევროკავშირთან; ჩვენ შესაძლოა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება მივიღოთ და იმედია, ვილნიუსის სამიტზე იმ ეტაპს მივუახლოვდებით, როდესაც ევროკავშირის გარკვეულ პერსპექტივას მივიღებთ ჩვენი ქვეყნებისთვის იმ პირობით, რომ ყველაფერი დანარჩენი გეგმის შესაბამისად განვითარდება“.

საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და უკრაინა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრები არიან.
 
ერთი დღით ადრე, 10 ივლისს ბათუმმა ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას მიეძღვნა. კონფერენციაზე მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც „ევროკავშირის წევრობის ნათელი პერსპექტივისკენ“ მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებთან მიმართებაში, „რომელთაც გააჩნიათ სურვილი და შესაბამისადაც მოქმედებენ“.
 
11 ივლისს ბათუმის კონფერენციაზე საუბრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის შიგნით არ არსებობს რაიმე შეთანხმება მისი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების გაწევრიანების პერსპექტივებზე.

„ჯერჯერობით არავის დაუწესებია რაიმე ზღვარი იმ ინტეგრაციის სიღრმესა და მასშტაბზე, რომელსაც მათ შეუძლიათ მიაღწიონ – ეს ფართო პერსპექტივა ჩვენს ასოცირებულ შეთანხმებაშია ასახული “, – განაცხადა ფულემ, „მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა გარეთაც უნდა განაგრძოს ხედვა მაშინაც კი, როდესაც ასეთი დაკავებული ვართ მრავალი რთული საკითხით ევროკავშირის ფარგლებში“.

ბათუმის კონფერენციაზე გამოსვლისას ფულემ კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მზარდყოფნა დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორებს „მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპის საფუძველზე, რაც ნიშნავს მეტ მხარდაჭერას ევროკავშირისგან დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეული უფრო მეტი პროგრესის ნაცვლად.    

„რა თქმა უნდა, რეგიონის თითოეული ქვეყნისთვის, ჩვენ კონკრეტული პრიორიტეტები გვაქვს – საქართველოს შემთხვევაში, ოქტომბრის არჩევნები, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა მან, „საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული პოლარიზებული პოლიტიკა ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე – ეს გამოწვევაა, როგორც კონსტრუქციული ხელისუფლებისთვის, ისე კონსტრუქციული ოპოზიციისთვის… თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს თან უნდა ახლდეს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა“.

მან განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი „უნდა წარიმართოს პოლიტიკურ ასპარეზზე და არა სასამართლო დარბაზში“ და დასძინა, რომ არჩევნებში წამყვანი როლი პოლიტიკურ პროგრამებს უნდა მიანიჭოს და არა პროცესებს. 

თავის გამოსვლაში ფულემ აღნიშნა, რომ საქართველო „მნიშვნელოვანი მაგალითი“ გახდა ბოლო წლებში და შესაბამისი საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო. მან ნდობის საკითხიც ახსენა.

„ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პირობები ზრდისთვის და მოდერნიზაციისთვის, მაგრამ მეწარმეობა და ინვესტიციები დამოკიდებულია ნდობაზე კანონის უზენაესობის, კორუფციის მუდმივი აღმოფხვრის და სასამართლო სისტემის სანდო ხელმისაწვდომობის მიმართ“, – განაცხადა მან, „ბოლო ანგარიშში საქართველოზე აქცენტი გავაკეთეთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე, რათა ზოგადად სახელისუფლო მმართველობაში ამ სექტორის მნიშვნელობა აგვესახა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button