ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში აგიტაცია აიკრძალება იმ ცვლილებების თანახმად, რომელიც საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა დღეს 83 ხმით მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

აღნიშნული ცვილილებები საარჩევნო კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქისთვის განსაზღვრულ ყველა უფლებას და მოვალეობას 2014 წლამდე ანიჭებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საქართველოში დაბადებულ იმ მოქალაქეს, რომელიც ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში გამომდინარე იმ საკონსტიტუციო ცვლილებიდან, რომელიც პარლამენტმა ოპოზიციური კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მიიღო; და ასახავს კონსტიტუციაში შესულ კიდევ ერთ ცვლილებას სადეპუტატო ასაკის 25–დან 21 წლამდე შემცირების თაობაზე.

ამას გარდა, მიღებული ცვლილებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ახალ მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე და საარჩევნო სუბიექტებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, რომ რეგისტრაციის წინ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. რეგისტრაციაზე უარი ცესკომ საერთაშორისო ორგანიზაციას იმ შემთხვევაში შეიძლება უთხრას, თუ ის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ცვლილებების თანახმად, ერთ ორგანიზაციას უბანზე 2–ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი არ უნდა ჰყავდეს.

ცვლილებების დანარჩენი ნაწილი ეხება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრა და მიეცა უფლება, რომ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი კენჭისყრის დღესაც განახორციელოს.

ცვლილებებით ასევე რეგულირდება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების, რეგისტრაციის არ მქონეთა და სხვა მისამართზე რეგისტრირებულ ე.წ. „მიწერილ“ ამომრჩეველთა ერთიან სიებში შეყვანის წესი – ამ ბოლო ორი კატეგორიის ამომრჩევლების ერთიან სიებში შეყვანას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რადგან მათი მტკიცებით, ეს რამოდენიმეჯერ ხმის მიცემის რისკს ქმნის.

დამტკიცებული ცვლილებები ასევე არეგულირებს საარჩევნო პლაკატებთან და სააგიტაციო მასალების გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადგილები, სადაც ასეთი მასალების გაკვრა იკრძალება ან ნებადართულია, უნდა განსაზღვრონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. 

Back to top button