ახალი ამბები

ვაშაძე უკრაინასთან ურთიერთობების, რუსული საფრთხის და ივანიშვილის შესახებ

  • „თუ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ქართული პროექტია, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება“.

საქართველოს და უკრაინას „სტრატეგიული“ თანამშრომლობა აკავშირებთ და ორივე ქვეყანა „ერთი და იგივე საფრთხის“ წინაშე დგას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გაზეთ „ზერკალო ნედელი“–სთან ინტერვიუში

ვაშაძე უკრაინას ივნისის შუა რიცხვებში სტუმრობდა. კითხვაზე მერყეობდა, თუ არა ის უკრაინაში ჩასვლის წინ იმ ფონზე, როდესაც ბევრმა ევროპელმა ლიდერმა და ოფიციალურმა პირმა უარი თქვა უკრაინაში ვიზიტზე ხელისუფლების მიერ „პოლიტიკური ოპონენტების დევნის“ გამო, ვაშაძემ უპასუხა, რომ მას არ უყოყმანია.

„რაც შეეხება ფორმულირებას ‘საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დევნა’, ჩემი საქმე არ არის სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ვაშაძემ ინტერვიუში, რომელიც 22 ივნისს გამოქვეყნდა, „მე არ მიყოყმანია, როდესაც ჩამოსვლას ვაპირებდი. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შევთანხმდით ჩემს კოლეგასთან, კონსტანტინ გრიშჩენკოსთან, რომ ჩემი ვიზიტი უკრაინაში ივნისში გაიმართებოდა. და ამის შემდეგ საკითხი წამოსვლა–არწამოსვლის შესახებ არც დამდგარა. როგორც წესი, ჩვენი შიდაპოლიტიკური კურსი ემთხვევა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას. მაგრამ არის განსხვავებები. და ჩვენმა პარტნიორებმა ამის შესახებ გადასარევად იციან“.

მისი თქმით, ამ განსხვავებებს შორისაა უკრაინასთან ურთიერთობები. „საქართველოს, პირველ რიგში, თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია. მეორე: უკრაინასთან სტრატეგიული ალიანსი გვაქვს. მესამე: საერთო ისტორია გვაქვს. მეოთხე: საქართველო და უკრაინა ერთი და იგივე საფრთხის წინაშე დგანან… ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„როდესაც რუსეთში ცხადდება გეგმები ევრაზიის კავშირის შექმნის თაობაზე, ყველას გადასარევად ესმის, რომ საქმე ეხება ტრანსფორმირებულ საბჭოთა კავშირს, უფრო ზუსტად, ამ დაშლილი იმპერიის პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებს. ამიტომ, საქართველოსთვის ძლიერი, სტაბილური, აყვავებული უკრაინა – სასიცოცხლო აუცილებლობაა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა ფართომასშტაბინი სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“ განზრახ დაამთხვია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ვაშაძემ გაიხსენა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ანალოგიური სამხედრო წვრთნები სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ გამართა. 

მისი თქმით, საქართველო „აბსოლუტურ საჭიროებას“ წარმოადგენს რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც მან შპს „კრემლი Inc.“ უწოდა რამდენიმე მიზეზის გამო და ამ მიზეზებს შორის დაასახელა: მოსკოვის მიერ ევროპაში ენერგოტრანზიტის ალტერნატიული მარშრუტის გადაკეტვა; მთელ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დამყარება; ქართული რეფორმებისთვის ძირის გამოთხრა, რაც მოსკოვის „გაღიზიანებას“ იწვევს  და საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა.
 
„ამ პოლიტიკის მიზეზი ისაა, რომ კრემლი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია… სამხედრო აგრესიის საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სამხედრო–პოლიტიკური გართულება რეგიონში – მთიან–ყარაბაღში, ირანში…“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფრონტაცია „სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დაასამარებს“ და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი შეძლებს რეგიონში ბოლო დროს წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვას. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „მესამე მხარე“ ცდილობს ხელი შეუშალოს მინსკის ჯგუფის მუშაობას, რათა რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდეს.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან და ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები „სამაგალითო“ იქნება.

„თუ ფინანსისტის და ბიზნესმენის, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ქართული პროექტია, მაშინ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. თუ „ქართულ ოცნებას“ მოსკოვური ფესვები აქვს და ეს პოსტ–საარჩევნო პროექტია, მაშინ გართულებები იქნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები საქართველოში სამაგლითოდ ჩაივლის“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ეს არჩევნები [2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო] უნდა გახდეს წყალგამყოფი, მან უნდა გააძლიეროს საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საბოლოოდ დაანახოს მსოფლიოს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და არა გარდამავალი. თუ ეს არჩევნები ისე ჩაივლის, როგორც ჩვენ გვინდა, მაშინ საქართველოს წინაშე მიმზიდველი პერსპექტივები გაჩნდება“, – განაცხადა მან.   

მსგავსი/Related

Back to top button