
ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება დაიწყო
10 ივნისს ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატი დაასახელა იმერეთის რეგიონში არსებული 12 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან.
გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმის ერთ–ერთი ლიდერი, რომლის პარტიაც „ქართული ოცნების“ კოალიციაში შედის, ქუთაისში, ერთ–ერთ ყველაზე დიდ ოლქში იყრის კენჭს.
ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა საფეხბურთო კლუბ მილანის შემადგენლობაში, თავის მშობლიურ სამტრედიაში იქნა მაჟორიტარად წარდგენილი.
ელისო ჩაფიძე, ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანებამდე გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი იყო, ტყიბულში იყრის კენჭს.
რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე ზესტაფონში დასახელდა მაჟორიტარ კანდიდატად.
ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს წევრი, ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
რესპუბლიკელი ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის რაიონში დასახელდა კოალიციის მაჟორიტარ კანდიდატად.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.
ამ სისტემით, სადაც მაჟორიტარი დეპუტატები გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი პრინციპით ირჩევიან (იმ პირობით, რომ კანდიდატმა ხმების 30% მაინც უნდა დააგროვოს), მმართველმა პარტიამ ადრე არსებული 75 ოლქიდან 71 მაჟორიტარი გაიყვანა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ ოპოზიციის მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიგეს მხოლოდ თბილისის ორი ოლქი (ორივე ახალი მემარჯვენეების წევრები იყვნენ), ასევე ცაგერის (სადაც მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყავდა) და ყაზბეგის მაჟორიტარული ოლქები. 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებსაც ექნებათ მონაწილეობის უფლება, რაც ხმების კიდევ უფრო მეტ დანაწევრებას გამოიწვევს.
მაჟორიტარს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩევლები ირჩევენ, რასაც ერთ–ერთ მთავარ ხარვეზად მიიჩნევენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ვენეციის კომისია დიდი ხნის განმავლობაში ურჩევს საქართველოს ხმების თანასწორობა უზრუნველყოს მეტ–ნაკლებად თანაბარი ზომის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გზით. კომისიამ განაცხადა, რომ უთანაბრობა ოლქებს შორის – სადაც ყველაზე პატარა და დიდ ოლქს შორის სხვაობა 6 000–დან 150 000 ამომრჩევლამდე მერყეობს – „დარტყმას აყენებს ხმის უფლების თანასწორობის პრინციპს“.