
სააკაშვილი აშშ–ის სამ „ძალიან მნიშვნელოვან“ გზავნილზე
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ივნისს ბათუმში აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონის სამ „ძალიან მნიშვნელოვან“ გზავნილს გაუსვა ხაზი, რომლებიც ეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტების აღიარებას და არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას.
„პირველი, თავდაცვის სფეროში გამოცხადდა პროგრამა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, რა კომპონენტებისგან შედგება, ძირითადი კომპონენტები გამოცხადდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
„მეორე, ამერიკამ აღიარა ის დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ე.ი. აქამდე ეს დოკუმენტები ჰქონდა აღიარებული რამდენიმე ბალტიურ ქვეყანას, იაპონიას და ახლა უკვე აღიარა ამერიკამ, რაც ნიშნავს, რომ აწი უკვე ძალიან ბევრი ვინმე აღიარებს. ეს მისცემს საშუალებას ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც იქ დარჩნენ, არ აიღონ ძალით ეს რუსული პასპორტები და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში; გაუხსნა შესაძლებლობა, რომელიც არის მართლა წარმოუდგენლად დიდი დიპლომატიური მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა მან.
სტატუს–ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები საქართველომ გასული წელს შემოიღო სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის, თუმცა სოხუმმა და ცხინვალმა გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება, როგორც ამ ორი რეგიონის შემდგომი იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„და მესამე [გზავნილი], ეს იყო, რომ არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობის ნამდვილ დამკვირვებელს გამოაგზავნიან – არა ყალბ დამკვირვებლებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან ვითომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, არამედ ნამდვილ დამკვირვებლებს“– განაცხადა სააკაშვილმა.
„მე ვფიქრობ, კონგრესმენები, სენატორები ჩამოვლენ, ევროპარლამენტის წევრები – ე.ი. ის ხალხი, ვისაც ვერ მოისყიდიან, ვისაც ვერ დააშანტაჟებენ და ვინც მართლა იტყვის, რომ საქართველოში ჩატარდა, როგორც ჩვენ ვგეგმავთ და იმედია ზუსტად ასე ჩატარდება, სამართლიანი, გამჭირვალე, ყველასთვის მისაღები არჩევნები და არ მისცემს საშუალებას ჩვენი შიდა სიტუაციის გარედან არევის მსურველს გამოიყენოს სხვადასხვა პროვოკაციები იმისათვის, რომ საქართველო ააცდინოს სწორ გზას", – აღნიშნა სააკაშვილმა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ზოგადი ლაპარაკი, მორიგი მხარდაჭერის გამოჩენა ამერიკის მხრიდან – ძალიან კონკრეტული რაღაცეები გამოცხადდა და ეს ნიშნავს, რომ ძალიან სწორ კურსზე ვდგევართ“, – დასძინა მან.
უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ჰილარი კლინტონის ვიზიტი შეაფასა, როგორც „უაღრესად წარმატებული და ძალიან მნიშვნელოვანი“ საქართველოს ინტერესებისთვის და „ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობისთვის“.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად „დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უსაფრთხოებასა და თავდაცვაში საჰაერო სივრცის კონტროლისა და ამ მიმართულებით წვრთნის და დახმარების მიღების თვალსაზრისით“, ასევე „სხვა მიმართულებით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“ და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით „დაიწყო ის მაღალი დონის დიალოგი“, რომელიც „შეიცავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას“.