ახალი ამბები

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზარი 2011 წელს

2011 წელს ელექტრონული საკომუნიკაციო სფეროს შემოსავლებმა 952 მილიონი ლარი შეადგინა შემცირდა რა 2010 წელს არსებული 1.055 მილიარდი ლარიდან, ხოლო მაუწყებელთა შემოსვლები 2011 წელს 88.22 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშის პროექტში.

სამაუწყებლო მედია

მაუწყებლობიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 2011 წელს 17%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 88.22 მლნ ლარი შეადგინა. წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, ახალი არ შეიცავს განცალკევებულ მონაცემებს ტელევიზიებისა და რადიოსადგურების შემოსავლებზე.

მაუწყებლების შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა წარმოადგენდა, რამაც 2011 წელს 60.69 მილიონი ლარი შეადგინა, 2010 წელს არსებული 57.69 მილიონი ლარის ნაცვლად. კომისიის ანგარიშში არ არის ასახული როგორ არის გადანაწილებული ეს თანხა ტელევიზიებსა და რადიოებს შორის, თუმცა წინა ანგარიშის მიხედვით, რეკლამიდან შემოსული 57.69 მილიონი ლარის, დაახლოებით, 93.4% ტელევიზიებზე მოდიოდა და მხოლოდ 6.6% –  რადოსადგურებზე.

ანგარიშის თანახმად, მაუწყებლებისთვის შემოსავლის სხვა წყაროები იყო სპონსორობა, რომლის წილმაც 12.6% შეადგინა, და შემოწირულობები, რომლის წილმაც მხოლოდ 1.2% შეადგინა. სხვა შემოსავლების წილი კი, როგორიცაა ინტერაქტიული ნომრებიდან, განცხადებებიდან, იჯარიდან, ტექნიკური მომსახურებიდან, გადაცემის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები, 16.7% იყო.

საკაბელო მაუწყებლობა

საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლები 21.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით ბევრი მცირე საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია – სილქნეტი 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, სუპერ TV და GNN (რომელიც ძირითადად საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.

მობილური კომუნიკაციების ბაზარი

მობილური ოპერატორების აბონენტების რაოდენობა 2010 წლის ბოლოს არსებული 3.98 მილიონიდან 2011 წლის ბოლოს 4.43 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მობილური აბონენტების სიმკვრივე (აბონენტების რაოდენობის შეფარდება ქვეყნის მოსახლეობასთან) 89.7%–დან 99.1%–მდე გაიზარდა იმავე პერიოდში,  ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

აბონენტთა რაოდენობა აქტიური SIM ბარათების რაოდენობით განისაზღვრება.

ანგარიშის თანახმად, 2011 წლის ბოლო კვარტალში კომპანია „ჯეოსელი“ ბაზრის ლიდერი იყო 41.7%–იანი საბაზრო წილით; შემდეგ მოდის კომპანია „მაგთიკომი“ 37.9%–ით და კომპანია „ბილაინი“  – 20.4%–ით.

„სილქნეტი“, რომელიც ქართული კონგლომერატის „სილქ როუდ გრუფის“ შემადგენლობაში შედის, ბაზარზე 2011 წლის დეკემბერში შემოვიდა და წლის ბოლოსთვის მისი აბონენტების რაოდენობამ 1 782 შეადგინა.

2011 წლის თებერვალში საქართველოში მობილური ნომრების პორტირება დაიწყო, რამაც აბონენტებს საშუალება მისცა საკუთარი ნორმების შენარჩუნებით შეეცვალათ ოპერატორები. 

ანგარიშის თანახმად, პორტირების შედეგად, ყველაზე მეტი აბონენტი „ჯეოსელმა“ შეიძინა – 12 079 (პორტირების შედეგად მიღებული და გადასული ნომრების რაოდენობების სხვაობა). მას მოსდევს „ბილაინი“ შეძენილი 3 435 სატელეფონო ნომრით. „მაგთიკომმა“ გასულ წელს პორტირების შედეგად 15 517 აბონენტი დაკარგა.

მობილური სატელეფონო მომსახურების საცალო შემოსავალი 2011 წელს 441 მილიონ ლარამდე შემცირდა, 2010 წელს არსებული 532 მილიონი ლარიდან (დღგ–ს და აქციზის გადასახადის გამოკლებით). ასევე შემცირდა ერთ აბონენტზე საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2010 წლის ბოლო კვარტალში არსებული 10.15 ლარიდან 8–9 ლარამდე 2011 წელს. ეს ფაქტი კავშირშია ტარიფების კლებასთან, რაც თავის მხრივ მობილურ ოპერატორებს შორის „კონკურენციის მნიშვნელოვნად გაზრდით“ არის განპირობებული.

შარშან მობილური სატელეფონო მომსახურების მოხმარება კვლავ გაიზარდა. მობილური აბონენტების გამავალი ტრაფიკი 58%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 2011 წელს მობილური ქსელებიდან წამოწყებული (გამავალი) ტრაფიკის მოცულობამ 5.2 მლრდ წუთი შეადგინა.

გასულ წელს მობილურიდან ინტერნეტით 1.2 მილიონმა აბონენტმა ისარგებლა, რაც 50%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით, ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

ფიქსირებული ინტერნეტი

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა (მათ შორის DSL, ოპტიკურ ბოჭკოვანი, EVDO, WiMax, WiFi, CDMA 1x და dial-up ტექნოლოგიები) 2010 წელს არსებული 307 277–დან 2011 წელს 403 370–მდე გაიზარდა.

DSL–ი ინტერნეტის წვდომისთვის ყველაზე გამოყენებად ტექნოლოგიად რჩება ქვეყნის მასშტაბით (204 074 აბონენტი, საიდაცან ნახევარი თბილისზე მოდის; ბათუმსა და ქუთაისზე – 10%–10% თითოეულზე, ხოლო რუსთავზე – 4%); შემდეგ მოდის ოპტიკურ–ბოჭკოვანი (125 686 – ამჟამად მხოლოდ თბილისში და რუსთავშია ხელმისაწვდომი).

DSL ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით, 2011 წლის ბოლოს, „სილქნეტის“ საბაზრო წილი 76%-ი იყო. DSL ინტერნეტის ბაზარზე ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო „ახალი ქსელები“ – 11%. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინტერნეტ აბონენტების თვალსაზრისით, „კავკასუს ონლაინი“ აბონენტების 76%-ს ფლობს. მას მოსდევს „სილქნეტი“ – 15%–ით.

ფიქსირებული სატელეფონო ქსელი   
 
ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების ბაზარზე 2011 წელს უსადენო ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა სადენიანი აბონენტების რაოდენობას. მეოთხე კვარტალში 731 637 უსადენო და 590 845 სადენიანი აბონენტი აღირიცხა.

2011 წელს უსადენო ტელეფონების ბაზარზე შპს „მაგთიკომის“ საბაზრო წილი იზრდებოდა და მეოთხე კვარტალში 90.9% შეადგინა. „სილქნეტის“ საბაზრო წილი შემცირდა და წლის ბოლოს 8.9% იყო. თუმცა, ეს უკანასკნელი კომუტირებადი სადენიანი კომუნიკაციების ბაზრის 62.7%-ს ფლობდა. შემდეგ მოდის „ახალი ქსელები“ 20.0%-ით; „ახტელი“ – 11.5%-ით და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ – 4%–ით.

Back to top button