ახალი ამბები

სააკაშვილი: ევროკავშირი და საქართველო „უვიზო მიმოსვლის საგზაო რუკის“ თაობაზე გამოაცხადებენ

რამდენიმე დღეში საქართველო და ევროკავშირი „ვიზების ლიბერალიზაციის საგზაო რუკის“ შესახებ გამოაცხადებენ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ლატვიელ კოლეგასთან ანდრის ბერზინშთან 29 მაისს რიგაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით,“ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ქართველები ევროპის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ“.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის „საგზაო რუკა“, სააკაშვილის განცხადებით, „ჩვენი ძალიან ძლიერი რეადმისიის პოლიტიკის და დანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის შედეგია“.

სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის, საქართველოს, რომელსაც სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულებები გააჩნია ევროკავშირთან, ევროკავშირის სახელმწიფოების საკონსულოებში ვიზებზე უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად. უარის თქმის მაჩვენებელი 2007 წელს 10.8%–ის და შარშან 15.3%–ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2009 წელს 17.2%–იან პიკს მიაღწია. 

ევროკავშირი „საგზაო რუკას“ – დეტალურ მოთხოვნებს, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად –  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში იყენებს.  აღმოსავლეთ მეზობლების მიმართ ევროკავშირი ანალოგიურ დეტალურ მოთხოვნებს „სამოქმედო გეგმას“ უწოდებს. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  2012 წლის თებერვალში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის „გადადგას თანდათანობითი ნაბიჯები, მათ შორის ორ-ფაზიანი სავიზო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც უვიზო რეჟიმის შექმნისკენ იქნება მიმართული კარგად მართულ და უსაფრთხო გარემოში, შესაბამის დროს.“

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის ორთან – მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირმა 2011 და 2010 წლებში, შესაბამისად, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმები აამოქმედა. სამოქმედო გეგმები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის და მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მათ შორის ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ. ორფაზიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან პირველი ფაზის დროს და შემდეგ იმ ამოცანების დადგენას, რაც ადგილზე კონკრეტული შედეგების მიღწევისთვისაა საჭირო.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შანსებში ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა სააკაშვილმა რიგაში 29 მაისს.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ [მოლაპარაკებებს] ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან“, – განაცხადა მან.

Back to top button