
აზერბაიჯანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე საქართველოს განაცხადს უერთდება
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ბრძოლას გამოეთიშა, ბაქომ განაცხადა, რომ მან საქართველოსთან ერთად ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა.
საქართველომ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფა–ში ოფიციალური განაცხადი 14 მაისს შეიტანა. თბილისს თავიდანვე სურდა, რომ აზერბაიჯანთან ერთად შეეტანა ერთობლივი განაცხადი, თუმცა მაშინ ბაქო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე იყო ფოკუსირებული.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივი განაცხადი შევიტანოთ 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში, რომელიც მის ვებ–გვერდზე 25 მაისს გამოქვეყნდა. ამავე განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებმა უკვე აცნობეს უეფას ამ განზრახვის შესახებ.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატი თურქეთი იყო, სანამ შოტლანდია, უელსი და ირლანდიაც გამოხატავდნენ ერთობლივ ინტერესს. საქართველომ განაცხადი14 მაისს ბოლო ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე შეიტანა. თუმცა მას შემდეგ უეფამ კიდევ 18 თვით გაახანგრძლივა განაცხადების მიღების ვადა; ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძელი სავარაუდოდ 2014 წლის დასაწყისში გამოცხადდება.
საქართველო მიესალმა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ერთობლივი განაცხადის წარდგენის თაობაზე.
„ორ ქვეყანას უფრო მარტივად შეუძლია არსებული პრობლემების გადაწყვეტა, საუბარია სასტუმროებზე, ინფრასტრუქტურაზე და სტადიონებზე“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 25 მაისს.
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 55 000 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი – 25 000 ადამიანზე. ქუთაისის სტადიონი კი 18 000 მაყურებელს იტევს. საქართველომ განაცხადა, რომ არსებული სტადიონების რეკონსტრუქცია და ახალი სტადიონების მშენებლობა დაიწყება, მათ შორის ბათუმში.
აზერბაიჯანის ტოფიკ ბაჰრამოვის სახელობის ყველაზე დიდი სტადიონი, რომელიც ბაქოში მდებარეობს, 30 000 მაყურებელს იტევს.
სტადიონებთან დაკავშირებით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მოთხოვნების თანახმად, მასპინძელ ქვეყანას სულ ცოტა 2 სტადიონი უნდა ჰქონდეს 50 000 მაყურებლის ტევადობით; სამი სტადიონი – 40 000 ადგილით და ოთხი სტადიონი – 30 000 ადგილით.