ახალი ამბები

აშშ–ის ადამიანის უფლებათა ანგარიში საქართველოზე

პატიმართა უფლებების დარღვევა, ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით და მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში „ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად“ არის დასახელებული.

სხვა პრობლემებს შორის დოკუმენტში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2011 წელს არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, აღნიშნულია პოლიციის მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, „რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“; პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინება; მთავრობის გავლენა მედია საშუალებებზე. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ უფლებებს მიმოიხილავს, ორ აბზაცს უთმობს ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.

ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით YouTube-ის საშუალებით გავრცელებულ ვიდეოში, აშშ–ის ელჩი ჯონ ბასი აცხადებს, რომ 2011 წლის ანგარიში, რომელიც ახალ ფორმატშია წარმოდგენილი, ძირითადად, ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ვინაიდან თავად ანგარიშში ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული წინა წლის გაუმჯობესებებზე, მსურს ხაზი გავუსვა ზოგიერთ იმ სფეროს, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 2011 წელს“, – განაცხადა ბასმა და გასულის წლის მიღწევებს შორის ჩამოთვალა:  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აშენება; ცალკეული დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება; და რელიგიური უმცირესობების საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირების შესაძლებლობა.

„შეერთებულ შტატებს კვლავ მიაჩნია, რომ უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბასმა, „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე არჩევნების წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე“.

„ჩვენ წუხილს იწვევს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვების შესახებ. ასევე მიგვაჩნია, რომ ძალადობას, გამოხატულს მუქარით თუ ფაქტობრივად ნებისმიერი პირის მხრიდან, არ აქვს ადგილი ამ კამპანიასა და წინასაარჩევნო გარემოში, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის დამნერგავ განცხადებებს თუ წინადადებებს“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

ანგარიშში არჩევნების შესახებ ნათქვამია, რომ დეკემბერში მიღებულ ახალ საარჩევნო კოდექსში არასამთავრობო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული.

„თუმცა, ახალი კოდექსი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციას, რომ ხმების თანასწორობა იქნას უზრუნველყოფილი თანაბარი ზომის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გზით“, – ნათქვამია ანგარიშში.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ახალი კანონისა, რომელიც მედიის მფლობელობის მეტ გამჭირვალობას უზრუნველყოფს, „მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაზე მოქალაქეებს შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი “.
 
„იმ დროს, როდესაც დამოუკიდებელი მედია იყო აქტიური და გამოხატავდა აზრთა მრავალფეროვნებას, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი მაუწყებელი [რუსთავი 2; იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი], მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან. მთავრობის პირდაპირი ან ირიბი გავლენა მედია საშუალებებზე პრობლემად რჩებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეკომპანიები „კავკასია“ და „მაესტრო“ ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, მაგრამ მათი აუდიტორია თბილისში იყო კონცენტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 26%–ს შეადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, პრობლემები რჩება „კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით“.

„სასამართლო სისტემაზე გარე გავლენა კვლავ პრობლემად რჩებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში. „მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფები სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენების და წარმატებული აპელაციების დაბალ დონეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაზე ზეწოლის შესაძლო ინდიკატორებად ასახელებდნენ“. 

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სამართალდამცავების მიერ 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დამრღვევი მოხელეების საქმეების გამოსაძიებლად და მათ დასასჯელად, საქმეთა გამოძიებას ხშირად აჩერებდნენ, ან აჭიანურებდნენ, რაც ქმნიდა დაუსჯელობის ატმოსფეროს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სიტყვის თავისუფლების შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადად ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ საჯაროდ და კერძო საუბრებში მთავრობის გაკრიტიკება.

„თუმცა, იყო რამდენიმე აღსანიშნავი გამონაკლისი“, – ნათქვამია ანგარიშში, „ზოგიერთმა ადამიანმა უთხრა უცხოელ დამკვირვებლებს, რომ ისინი თავს იკავებდნენ ან აღარ განიხილავდნენ მგრძნობიარე თემებს ტელეფონის მეშვეობით იმის გამო, რომ არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ სატელეფონო საუბრები ისმინება“.

ანგარიშში ივანიშვილთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთა, „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივანიშვილთან ასოცირებული პირების და ბიზნესების წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით შევიწროების მიზნით“ ქმედებები განახორციელეს.

„ერთ–ერთი ასეთი ნათელი მაგალითია, რომ ივანიშვილის მიერ ბიზნესის და პოლიტიკური მიზნებისთვის იმპორტირებული საქონელი რამდენჯერმე და გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა დაზიანებული საბაჟოდან გამოტანის შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.

„გარდა ამისა, ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ მიერ იმპორტირებული საქონლის წილი, რომელიც დამატებითი შემოწმების გამო [საბაჟოზე] ყოვნდებოდა, 10%-დან 100%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა. მონიტორინგის დამოუკიდებელმა კომპანიამ, რომელიც „ქართუ ჯგუფმა“ დაიქირავა, დაადაასტურა, რომ „ქართუს“ იმპორტირებული საქონელი დაუზიანებელი იყო, სანამ საბაჟოზე შევიდოდა და მას შემდეგ დაზიანდა, რაც ტვირთი საბაჟოდან გამოვიდა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც ასევე ნახსენებია ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებული რამოდენიმე ფაქტობრივი მონაცემი, მათ შორის ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, შარშან შემცირდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ბიზნეს კომპანიებს ფინანსური შემოწმების გამო მუშაობაში პრობლემები ექმნებოდათ. „რისკებზე დაფუძნებულ აუდიტზე გადასვლამ და კერძო აუდიტის შესაძლებლობამ შეამცირა შემოსავლების სამსახურის მხრიდან თავისი უფლებამოსილების პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების შესახებ აღქმები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის ანგარიშში დასახელებულია მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის, ჩარევა გაფიცვებში, თანამშრომელთა დაუსაბუთებელი დათხოვნა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა და დაშინება.

მსგავსი/Related

Back to top button