ახალი ამბები

რუსეთი ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილს აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სინანული“ და „შეშფოთება“ გამოხატა ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

„ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ იქ მიღებულ დოკუმენტებს. ჩიკაგოს გადაწყვეტილებები რუსეთი–ნატოს საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი განხილვების საგანი გახდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 24 მაისს და დასძინა, რომ ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციას „რაიმე მსხვილი სიურპრიზი“ არ მოჰყოლია. 

„პრინციპში, ყველა დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე ჩვენმა პარტნიორებმა წინასწარ გვაცნობეს, როგორც ამას ურთიერთნდობის, გამჭირვალობის და პროგნოზირებადობის პრინციპები მოითხოვს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით,  ნატოსთან უთანხმოებებს შორის საქართველოც არის.

„ამ კონტექსტში ჩვენ სინანულით და შეშფოთებით ვიღებთ ჩიკაგოში ნატოს სამიტის დეკლარაციის იმ ელემენტებს, რომელშიც ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი საქართველოსთან მიმართებაში ყველა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადასტურებს და მოუწოდებს რუსეთს გადახედოს თავის პოზიციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. აშკარაა, რომ ნატოში ჯერ კიდევ ვერ გააკეთეს პრინციპული დასკვნები 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მან ასევე გააკრიტიკა ნატოს დეკლარაცია „აშკარა პოლიტიკური და ფაქტობრივი ბეჭდვითი შეცდომების“ გამო, სადაც, მაგალითად „2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევ–სარკოზის გეგმა, რომელშიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შედეგების პოსტ–კონფლიქტური დარეგულირების ძირითადი დებულებებია ფორმულირებული, მოხსენიებულია, როგორც „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“. 
 
„ნატოს ძალისხმევა საქართველოსთან მიმართებაში კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის გზების ძიებაზე“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ჩიკაგოს სამიტის იმ მომენტებზე, რომელიც რაკეტსაწინააღმდგო თავდაცვის საკითხს ეხება. მან განაცხადა, რომ ნატოს განცხადება, რომ მისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული „არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს არ არის საკმარისი თანამშრომლობისთვის ფუნდამენტის შესაქმნელად. ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ ითხოვს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას, რომელიც იმის გარანტია იქნება, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ იქნება გამოყენებული მოსკოვის სისტემის შემაკავებლად.

Back to top button