
ომბუდსმენი ქდმ–ს ‘ჰომოფობიურ’ განცხადებებს და ინიციატივას აკრიტიკებს
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თაობაზე, რომელიც, ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს საკანონმდებლო დონეზე ტრადიციული და ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერებას, „ცალსახად მიუღებელია“.
ტუღუშის თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებზე „არანაკლებ შემაშფოთებელია“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები.
22 მაისს პარლამენტის სხდომაზე პარტიის ინიციატივის შესახებ ინფორმაციის გახმოვანებისას ქდმ–ს ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ გეი აქტივისტების მიზანი „საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გარყვნილების, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაციაა“.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „ჰომოფობიური სულისკვეთებით გამსჭვალული“ განცხადებები საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპების და დისკრიმინაციული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„სამწუხაროდ, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ნაწილი შეიცავდა სიძულვილის ენას, რომელიც მიმაჩნია, რომ ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების წახალისებას, რაც სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფისა და საზოგადოებიდან გარიყვის საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა 22 მაისს.
ქდმ–ს შემოთავაზებები ითვალისწინებს კონსტიტუციაში ქრისტიანობის როლის ხაზგასმას; "სქესობრივი გარყვნილებით ცნობილი ადამიანებისთვის" სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვას; ისეთი განცხადებების შეზღუდვას, რომლებშიც "ადგილი აქვს ქრისტიანული ან საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვასა და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას"; და კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის გაკეთებას, რომ სახელმწიფო ცნობს, აღიარებს და მფარველობს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას.
"ჩვენ აქ მათ მიმართ სიძულვილს კი არ გამოვხატავთ, ჩვენ გვძულს ცოდვა და არა ეს ადამიანები; თუ მეტიც გაინტერესებთ გეტყვით, რომ მე მეცოდებიან ეს ადამიანები," – განაცხადა თარგამაძემ 22 მაისს.
ქდმ–მ განაცხადა, რომ პარტია ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერის მოპოვებას მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვების გზით მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შეეცდება – პერიოდში, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას ემთხვევა. მუშაობის საარჩევნო რეჟიმში გადასვლის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქდმ–ის ინიციატივა, რომელსაც არანაკლებ 200 000 მოქალაქის მხარდაჭერა ჭირდება, ამ მოწვევის პარლამენტმა განიხილოს.