ახალი ამბები

საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით–გარეჯთან საზღვრის სადავო მონაკვეთზე იმსჯელეს

საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 მაისს გამართულ სატელეფონო საუბარში უკანასკნელ პერიოდში წარმოქმნილი პრობლემა განიხილეს, რაც დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან საზღვრის სადაო მონაკვეთზე 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენას უკავშირდება, რის შედეგადაც დამთვალიერებლებს საქართველოდან არ აქვთ საშუალება კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი მოინახულონ.

დავით–გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი უკვე დიდი ხანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ–ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.

საბჭოთა პერიოდში სამონასტრო კომპლექსს ადმინისტრაციული საზღვარი ყოფდა და კომპლექსის ძირითადი ნაწილი საქართველოს მხარეს, მეორე ნაწილი კი აზერბაიჯანის მხარეს იყო მოქცეული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ორი ქვეყანა ამაოდ ცდილობს საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმებას.

სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც მე–6 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ–რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

ამ ტერიტორიის ისტორიულ ასპექტს ხაზს აზერბაიჯანელ ექსპერტთა ნაწილიც უსვამს, კერძოდ, ზოგიერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი აცხადებს, რომ ეს ადგილი იმ ტერიტორიის ნაწილია, რომელზეც კავკასიელი ალბანელები სახლობდნენ. ისტორიული კონტექსტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საჯაროდ 2007 წელს წამოწია წინ, რამაც თბილისის პროტესტი გამოიწვია მოლაპარაკებებში ისტორიული კომპონენტის შეტანის გამო. ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის მაშინდელი საჯარო სიტყვიერი დაპირისპირება გამონაკლისი იყო, ვინაიდან ორივე მხარე ცდილობს, რომ „სტრატეგიული“ ურთიერთობები ამ უთანხმოებით არ დაჩრდილოს.

შესაძლოა, უთანხმოების უფრო მნიშვნელოვან ასპექტს, ყოველ შემთხვევაში აზერბაიჯანისთვის მაინც, ის მომენტი წარმოადგენს, რომ სიმაღლეები, რომლის ნაწილზეც ”დავით გარეჯის” სამონასტრო კომპლექსია განთავსებული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ამ ადგილიდან კარგად არის შესაძლებელი როგორც საქართველოს მხარეს, ასევე აზერბაიჯანის მხარეს ტერიტორიების ვიზუალური მონიტორინგი.

2012 წლის 6 მაისამდე დამთვალიერებლებს თავისუფლად შეეძლოთ შესვლა უდაბნოს მონასტერში.

თუმცა,  6 მაისიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პოზიციები შეიცვალეს და ვიზიტორებს ამ ადგილების მონახულების საშუალებას აღარ აძლევენ. თუმცა, ეს აკრძალვა არ ვრცელდება ადგილობრივ ბერებზე, რომლებსაც კვლავაც შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ. თუმცა როგორც ბერები აცხადებენ ამას შეგნებულად არ აკეთებენ, რადგან სურთ რომ გადაადგილების შესაძლებლობა ყველას მიეცეს.

ტელეკომპანია „მაესტრომ“ ეს თემა 11 მაისს გააშუქა ადგილობრივი ბერების ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს საკითხი ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამაც“ აიტაცა, რომლის ერთ–ერთი წევრიც, ზვიად ძიძიგური 13 მაისს დავით–გარეჯის მონასტერს ეწვია. მეორე დღეს, მან ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედება არ იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან „ფარულ“ შეთანხმებაში დაადანაშაულა.

ეს თემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ კომპლექსის ის ნაწილი, სადაც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოქალაქეებს არ ატარებენ, „სადაო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ის აზერბაიჯანის საზღვრებში იყო.

14 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ინფორმაცია, რომ ვიზიტორებს სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილში არ უშვებენ და „შეშფოთებულია“ ამის გამო. მან ასევე დასძინა, რომ თბილისი ცდილობს ეს საკითხი ბაქოსთან მოაგვაროს.

კალანდაძემ განაცხადა:  „ეს საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში და არის სწორედ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც ამ წუთას პრობლემის წყარო გახდა, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ–ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში, სადაო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“.

ამ მოულოდნელმა განცხადებამ ოპოზიციის ნაწილის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა გამოიწვია. საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა“.

16 მაისს ნინო კალანდაძე შეეცადა დაეზუსტებინა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს. რადიო „პალიტრასთან“ ინტერვიუში მან აღიარა, რომ გაუგებრობა შესაძლოა ნაწილობრივ იმანან გამოიწვია, რომ მან პოზიციის სწორად გადმოცემა ვერ შეძლო.

მისი თქმით, საზღვრის დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის 66% შეთანხმებულია. მან ასევე განაცხადა, რომ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 2% საზღვრის იმ მონაკვეთშია, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია აზერბაიჯანთან და ამ ტერიტორიაში ასევე შედის უდაბნოს მონასტერი.
 
17 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის. 

ორმა მინისტრმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, „მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა“,  განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 17 მაისს. 

„მინისტრები იმყოფებიან რა მუდმივ კონტაქტზე, შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები“, – განაცხადა საგარეო უწყებამ. 

2006 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანს დავით–გარეჯის სადავო მონაკვეთის ნაცვლად საზღვრის სხვა მონაკვეთში ტერიტორიის გაცვლას სთავაზობდა. მაშინ აზერბაიჯანული მხარე საჯაროდ უარყოფდა ამგვარ შესაძლებლობას იმ მოტივით, რომ მათთვის მიწების გაცვლა მიუღებელი იყო.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button