ახალი ამბები

უშიშროების საბჭოსთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა მისი მდივნის, გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, საქმიანობას კანონით განსაზღვრულ ვადაზე ადრე, 18 მაისიდან შეუდგა.

საარჩევნო კოდექსით, ასეთი კომისიის ფუნქციონირების დაწყება საარჩევნო წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული.

კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ.

„კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს  საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე“, – აცხადებს უშიშროების საბჭო.

ასეთი ფორმატის კომისიები ბოლო საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ფუნქციონირებდა, ხოლო მისი შექმნის ვალდებულება დეკემბერში მიღებულ საარჩევნო კოდექსში აისახა.

თუმცა, ვიდრე ამ კომისიის საკანონმდებლო დონეზე ინსტიტუციონალიზაცია მოხდებოდა, არჩევნებზე დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განაცხადა, რომ ასეთი უწყებათშორისი ჯგუფი „არასაკმარისი მექანიზმია“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის.

დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და უფლებადაცველმა ჯგუფებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, პარლამენტს 7 მაისს საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური წინადადებებით მიმართეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

კამპანიამ „ეს შენ გეხება“  17 მაისს მას შემდეგ, რაც შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო, სპეციალური მიმართვით მოუწოდა პარლამენტს „დაუყოვნებლივ განიხილოს და  შეიტანოს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში“. 

Back to top button