
ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე
ევროკომისიამ 15 მაისს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირსა და მის მეზობლებს, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებში არსებული პროგრესის შესახებ.
ანგარიში მოიცავს 2011 წელს რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ წარმატებებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში და იმ მიმართულებებს გამოყოფს, სადაც შემდგომი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.
საქართველოს შესახებ ანგარიში რეკომენდაციათა ფართო სპექტრს მოიცავს დაწყებული შიდა პოლიტიკური რეფორმებით და დამთავრებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებით.
ის მოუწოდებს საქართველოს ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს და კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები მოაგვაროს; უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის პოლიტიკა „დე ფაქტო ხელისუფლებებთან პრაგმატული თანამშრომლობის დამყარების გზით“; განაგრძოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცება; გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა; უზრუნველყოს სისხლის სამართლის სისტემის შემდგომი ლიბერალიზაცია; გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე კონტროლი, ასევე ებრძოლოს „დაუსჯელობას“ და და გამოიძიოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ბრალდებები; გააუმჯობესოს შრომითი უფლებები; განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოება ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში.
პოლიტიკური რეფორმები, ადამიანის უფლებები
ანგარიში აღნიშნავს, რომ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ ახალ საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია ასახულია, თუმცა, მასში ასევე ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ რჩება საარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან დაკავშირებით“.
„საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ზოგიერთ მთავარ რეკომენდაციას, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში დეპუტატის არჩევას სხვადასხვა რაოდენობის ხმები სჭირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ვენეციის კომისია დიდი ხანია ურჩევს საქართველოს ხმების თანასწორობა უზრუნველყოს მეტ–ნაკლებად თანაბარი ზომის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ფორმირების გზით. კომისიამ განაცხადა, რომ უთანაბრობა ოლქებს შორის – სადაც ყველაზე პატარა და დიდ ოლქს შორის სხვაობა 6 000–დან 150 000 ამომრჩევლამდე მერყეობს – „დარტყმას აყენებს ხმის უფლების თანასწორობის პრინციპს“.
ანგარიშის თანახმად, ახალი საარჩევნო კოდექსი არ აგვარებს „საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმების ბუნდოვანებას“ და მასში „მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასათანადოდ არის რეგულირებული“.
ცოტა ხნის წინ არჩევნებზე დამკვირვებელმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადეს, რომელიც, ავტორთა თქმით, პარლამენტის მიერ გაზიარების და დამტკიცების შემთხვევაში, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს პაკეტი ასევე მოიცავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის მექანიზმებსაც.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში სახელმწიფო მმართველობა კვლავაც გამოირჩევა აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტური პოზიციით „სუსტი საპარლამენტო კონტროლით და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით“.
"მიუხედავად სასამართლო სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა პროგრესისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ანგარიშში, „მთავარი პრობლემა უკავშირდება პროკურორის ძლიერ პოზიციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობას“.
ეს, ანგარიშის თანახმად, იმითაც დასტურდება, რომ გამამტყუნებელი განაჩენების დონემ 98%–ს მიაღწია. ამასთან, შარშან, 2010 წელთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებლისა და მკაცრი სასჯელების გამო ხშირია საპროცესო შეთანხმების გამოყენების მაჩვენებელი, კერძოდ საქმეთა 87.5%–ში.
2011 წლის ნოემბერში ძალაში შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც გაიზარდა სამართლებრივი კონტროლი საპროცესო გარიგებებზე; კერძოდ, მოსამართლეები მოვალენი არიან პროკურორსა და ბრალდებულს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების კანონიერებასთან ერთად მისი სამართლიანობაც შეაფასონ.
ანგარიში აღნიშნავს, რომ „საპატიმროების გადატვირთულობა კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს“. 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 24 244 პატიმარი იყო, რაც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბოლო დროს აქცენტის გაკეთებას ცდილობს ალტერნატიული სასჯელების გამოყენებაზე, რაც გარკვეულ წილად მიზნად ისახავს რომ პატიმართა რაოდენობა შემცირდეს.
ანგარიშის თანახმად, „შესამჩნევი“ წინსვლა შეინიშნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეში და სისხლის სამართალწარმოებაში უფრო ლიბერალური მიდგომების შემოღების კუთხით.
მედიის თავისუფლების კუთხით, ანგარიში შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ „სადისტრიბუციო ქსელები თანაბრად ხელმისაწვდომი“ არ არის. ზოგიერთი სატელევიზიო არხი არ არის ხელმისაწვდომი მაყურებლების უფრო ფართო რაოდენობისთვის, ვინაიდან ზოგიერთი საკაბელო ქსელი ტრანსლირებაზე მათ უარს ეუბნება.
ანგარიშის თანახმად, შემდგომი პროგრესია მისაღწევი „სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის გასაუმჯობესებლად და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად“; დოკუმენტი ასევე გამოხატავს შეშფოთებას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო.
„ასევე შეშფოთების საგანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართ დემოკრატიული ზედამხედველობის ნაკლებობა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს კორუფციის დაძლევის საქმეში“.
თუმცა, მასში ასევე აღნიშნულია „ის მზარდი შეშფოთება, რომ საკუთრების უფლებები სრულად არ არის დაცული საქართველოში“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ, რელიგიის თავისუფლების სფეროში „ერთი მთავარი მიღწევა“ იყო.
სეპარატისტული რეგიონები
ევროკავშირი მოუწოდებს თბილისს გააფართოვოს ჩართულობის პოლიტიკა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ „დე ფაქტო ხელისუფლებებთან პრაგმატული თანამშრომლობის“ გზით.
„გადადგით პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყოთ ვაჭრობას, მოგზაურობას და ინვესტიციებს“ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ თბილისმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სეპარატისტულ რეგიონებთან „დეიზოლაციის და ჩართულობის სტრატეგიის“ განსახორციელებლად, მათ შორის გაიზარდა ძალისხმევა, რომ ჯანდაცვის მომსახურება გაეწიოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას.
ანგარიშის თანახმად, ამ რეგიონების მაცხოვრებლებისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევა „კონსტრუქციული ნაბიჯია შერიგებისკენ“, თუმცა ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ისეთი „წინაპირობების გარეშე, როგორიცაა დაჟინებული მოთხოვნა, რომ სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლეებმა აუცილებლად მიიღონ საქართველოს მიერ შემოღებული პირადობის მოწმობები“.
გასულ წელს საქართველომ სტატუს ნეიტრალური პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტები შემოიღო სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის, რათა ამ დოკუმენტების მფლობელებს საზღვარგარეთ მოგზაურობის და დანარჩენ საქართველოში არსებული სოციალური მომსახურეობით და პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ.
ევროკავშირი მიესალმება ამ დოკუმენტების შემოღებას, თუმცა ასევე მოუწოდებს თბილისს, რომ „სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მაცხოვრებელთა უფრო ფართო ფენისთვის არ გახდება მისაღები, ის მგზავრობის ერთადერთ საშუალებას არ უნდა წარმოადგენდეს“.
სოხუმმა და ცხინვალმა, რომელთაც გააკრიტიკეს ამ დოკუმენტების შემოღება, განაცხადეს, რომ საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ფაქტიურად ამ ორ რეგიონს შემდგომი იზოლაციისკენ უბიძგებს.
„ეს დოკუმენტები მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ჩართულობის სტრატეგიაში; თუმცა, ვინაიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ამ დოკუმენტებზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ის შენარჩუნდეს, როგორც დეიზოლაციის ვარიანტი და არა როგორც აფხაზების და ოსების მოგზაურობის ერთადერთი საშუალება, რათა ნდობის აღდგენისა და დიალოგთან დაკავშირებული ინიციატივები არ შეფერხდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გამოყენება „კვლავ პრობლემურ საგნად რჩება ჩართულობის სტრატეგიის ეფექტური განხორციელებისთვის“.