
აფხაზური წყარო: ‘ნაადრევია’ იმაზე საუბარი, რომ იარაღის სამალავი სოჭში თავდასხმებზე იყო გამიზნული

რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ვებ–გვერდის ფოტო, სადაც ჩანს იაღარის ნაწილი, რომელიც კომიტეტის თქმით, აფხაზეთში არსებული რამოდენიმე სამალავიდან იქნა 4–5 მაისს ამოღებული და რომელთა გადატანაც იგეგმებოდა სოჭში ზამთრის 2014 წლის ოლიპიურ თამაშებთან დაკავშირებით ტერაქტების მოსაწყობად.
სეპარატისტული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურები ამ ეტაპზე სიფრთხილით ეკიდებიან იმის მტკიცებას, რომ იარაღის სამალავები, რომლებიც რეგიონში აღმოაჩინეს, სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების წინ და მის განმავლობაში ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის იყო განკუთვნილი, იტყობინება რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 11 მაისს.
რუსეთმა განაცხადა 10 მაისს, რომ აფხაზეთში ნაპოვნი დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია–წამალი, სოჭში დაგეგმილი ტერორისტული აქტებისთვის იყო განკუთვნილი და აღნიშნა, რომ იარაღი აფხაზეთში „საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა შეიტანა.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა გაზეთ „კომერსანტს“, რომ „ეს ვერსია მოწმდება და ჯერჯერობით შედეგებზე საუბარი ნაადრევია“.
იმავე წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ იტყობინება, რომ იარაღის სამალავები გუდაუთის რაიონში იმ გამოძიების ფარგლებში იქნა აღმოჩენილი, რომელიც აფხაზეთის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე უკანასკნელ თავდასხმას უკავშირდება, როდესაც თებერვალში მის ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს და რომლის დროსაც მისი დაცვის ორი წევრი დაიღუპა. ეს მეხუთე, ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმა იყო ანქვაბზე 2005 წლის შემდეგ.
„მაშინვე ნათელი გახდა, რომ თავდამსხმელები არა მხოლოდ კარგად შეიარაღებული იყვნენ, არამედ შესაბამისი მომზადებაც ჰქონდათ გავლილი – ისინი ძალიან კარგად მოქმედებდნენ; ფაქტიურად, ნამდვილი ბრძოლა იყო ყუმბარმტყორცნების, ავტომატების და სხვა იარაღის გამოყენებით“, – იტყობინება გაზეთი სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს წყაროზე დაყრდნობით.
აფხაზური ინფორმაციით, ერთ–ერთი სამალავი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრის სახლში იქნა აღმოჩენილი, რომელიც 4 მაისს დააკავეს და რომელსაც 2007 წელს ანქვაბზე თავდასხმის მცდელობასთან კავშირში დასდეს ბრალი. იმ დროს ანქვაბი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო.
რუსეთმა განაცხადა, რომ იარაღი აფხაზეთში დოკუ უმაროვის „კავკასიის საამიროს“ იმ ადგილობრივმა ქსელმა დამალა, რომელიც „აფხაზეთის ჯამაათის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები ამ დაჯგუფებას 2011 წლის აგვისტოდან იკვლევენ.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს წყარომ განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთში გამოაშკარავებულ იქნა „ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც აშკარად რადიკალური მუსულმანური ხასიათი აქვს“.
როგორც ჩანს, „აფხაზეთის ჯამაათის“ დაჯგუფების შესახებ განცხადება მოულოდნელი იყო აფხაზეთის ადგილობრივი მიმოხილველებისა და ექსპერტებისთვის.
ინალ ხაშიგმა, სოხუმის გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა, განუცხადა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახურს „ეხო კავკაზას“, რომ მართალია გარკვეული ხმები გავრცელდა ასეთი დაჯგუფების არსებობის შესახებ, მაგრამ „ზოგადად ის არ ჩანს“. მისი თქმით, დაჯგუფების შესახებ განცხადება მოულოდნელი შემობრუნება იყო ანქვაბზე თავდასხმის გამოძიებაში. მან ასევე განაცხადა, რომ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება უჩვეულო რამ არის აფხაზეთისთვის. მისი თქმით, მართალია შეუძლებელია ამგვარი დაჯგუფების არსებობის სრულად გამორიცხვა, მაგრამ „არა მგონია, რომ ბევრი ასეთი ადამიანი იყოს“ აფხაზეთში.
აფხაზეთში ადგილობრივი მუსულმანური თემის წარმომადგენლებზე თავდასხმის რამოდენიმე შემთხვევას ჰქონდა წარსულში ადგილი.
რუსლან გიცბა, რომელიც აფხაზეთში იარაღის სამალავთან დაკავშირებით დააპატიმრეს და რომელიც „აფხაზეთის ჯამაათის“ ლიდერად მოიაზრება, გუდაუთას მეჩეთის მოკლული იმამის ხამზათ გიცბას ძმაა. ეს უკანასკნელი 2007 წლის აგვისტოში მოკლეს.
გიცბა ქართული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში 90-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის მეთაურობის ქვეშ. ის იმ გამტაცებლებს შორის იყო, რომელთაც 1996 წლის იანვარში ორთქმავალი ”ავრაზია” დაიკავეს თურქეთის პორტ ტრაბზონში, რათა ჩეჩენი აჯანყებულებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ. გავრცელებული ინფორმაციით, გიცბა აფხაზეთში 2000 წელს დაბრუნდა მას შემდეგ, რაც თურქეთში სასჯელი მოიხადა და მუსულმანთა სასულიერო პირი გახდა. ხამზათ გიცბას მკვლელობის დროს გაზეთი „კომერსანტი” წერდა, რომ გიცბას აფხაზეთის ხელისუფლება არ წყალობდა, რადგანაც შიშობდა, რომ ის ”ვაჰაბიზმის იდეოლოგიას ქადაგებდა”.
ხამზათ გიცბას მკვლელობას, დაახლოებით, ექვსი კვირით ადრე წინ უძღოდა აფხაზეთის მაშინდელ პრემიერ–მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე, 2007 წლის 9 ივლისს.
2010 წლის ივლისში სოხუმის მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ იგი სიკვდილს გადაურჩა მას შემდეგ, რაც თავის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.
რამდენიმე დღის შემდეგ, 2010 წლის ივლისში, აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს წევრი ემიკ ჩაკმაჩ-ოღლი გაგრაში საკუთარ სახლში მოკლეს.
ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 2010 წლის ოქტომბერში გუდაუთას ცენტრში მდებარე მეჩეთის წინ მლოცველთა ჯგუფს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ერთ–ერთი დაჭრილი რუსლან გიცბა იყო, რომელიც ამჟამად იარაღის სამალავთან დაკავშირებით არის დაპატიმრებული.
მაშინ აფხაზეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ გუდაუთას მეჩეთზე თავდასხმის გამოძიებისას რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა, მათ შორის უცხოური რადიკალური ისლამისტური ჯგუფების ან უცხოური დაზვერვის შესაძლო მონაწილეობაზე თავდასხმაში.
This post is also available in: English Русский