
აშშ ‘ძალიან აქტიურია’ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საქმეში
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა 10 მაისს, რომ ვაშინგტონი „ძალიან აქტიურია“, რათა არ დაუშვას სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი შემდგომი საერთაშორისო აღიარება.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჩიკაგოში ნატოს მოახლოებულ სამიტს ეძღვნებოდა, გორდონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა ეს ორი რეგიონი.
„ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უარი ვუთხარით რუსეთს იმ ლეგიტიმაციაზე, რომლის მიღებასაც ისინი შეეცადნენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში“, – განაცხადა გორდონმა.
ამერიკელმა დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს რიშმა ჰკითხა მას, შეასრულებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
„ეს ისე ჩანს, თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობას ესმის ის ვალდებულებები, რომელიც რუსებმა საქართველოსთან მიმართებაში აიღეს, მაგრამ რეალურად არავინ ელის მათგან ამ ვალდებულებების შესრულებას. ის, რისი ამოკითხვაც მოვახერხე თქვენი ნათქვამის სტრიქონებს შორის, თითქმის ამის გამეორებაა“, – განაცხადა სენატორმა რიშმა. მას, სავარაუდოდ, გორდონის მიერ საკომიტეტო მოსმენისთვის წინასწარ მომზადებული გამოსვლის ის ნაწილი ჰქონდა მხედველობაში, სადაც მან აღნიშნა, რომ აშშ–ს და ნატოს სხვა წევრებს „ფუნდამენტური უთანხმოება“ აქვთ რუსეთთან საქართველოს თაობაზე და კვლავაც მოუწოდებენ რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ.
„მე ვერ მოგაჩვენებთ თავს, რომ ადვილია იმ გზის გამონახვა, რომელიც რუსეთს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას აიძულებს“, – უპასუხა გორდონმა, „ჩვენ სრულიად გეთანხმებით შეფასებაში, რომ რუსეთი ამჟამად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“.
„ჩვენ მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ და სახელმწიფო მდივანი კლინტონიც შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს – არა იმიტომ, რომ პროვოკაციული ყოფილიყო, არამედ უბრალოდ აღეწერა ის ვითარება, რაც გვგონია რომ შექმნილია და რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთს თავისი სამხედრო ძალების ჰყავს საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნის ტერიტორიული საზღვრების შიგნით“, – განაცხადა გორდონმა.
„ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას არა უბრალოდ რიტორიკულად და ფორმალურად, არამედ ნამდვილ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ, კერძოდ კი, იანვარში ეს მხარდაჭერა იმაში გამოიხატა, რომ პრეზიდენტმა ობამამ თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში უმასპინძლა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის დროსაც ვაშინგტონმა თბილისთან ეკონომიკურ და თავდაცვით სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ვალდებულება აიღო.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წინასწარ მომზადებულ სიტყვაში გორდონმა განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარებას, რათა მხარი დაუჭიროს მის თავდაცვით რეფორმებს, გაწვრთნას და აღჭურვოს ქართული ჯარი ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და ხელი შეუწყოს ნატოსთან თავსებადობას. მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტები „ამ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ, საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის, თავდაცვის რეფორმის და თავდაცვის შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით“.
„აშშ–ის დახმარების პროგრამები დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების გადამწყვეტი ნაწილია და სადაც მათ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს“, – განაცხადა მან.
„აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ურყევი რჩება და სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მიდგომა არ შეიცვლება“, – დასძინა გორდონმა.