
‘ივანიშვილთან დაკავშირებული’ საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიღებულია
პარლამენტმა დღეს 112 ხმით პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“, – ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ითვალისწინებს ასევე სადეპუტატო ასაკის 25–დან 21 წლამდე დაწევას.
მიღებული ფორმულირება, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ზეპირსიტყვიერად გააცნო დეპუტატებს, განსხვავებულია იმ ვარიანტისაგან, რომლის ტექსტიც განხილვის წინ დარიგდა პარლამენტის სხდომაზე და რომლის შესახებაც 7 მაისს გახდა ცნობილი.
კერძოდ, შეცვლამდე ნორმა ითვალისწინებდა 2015 წლის 1 იანვრამდე პასიური და აქტიურ საარჩევნო უფლების მინიჭებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ და ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.
საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც შესაძლოა მეორე და მესამე მოსმენების დროს კიდევ შეიცვალოს, მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გარეშე მისცემს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები არსებობს იმის შესახებ თუ რომელი წლიდან ცხოვრობს მუდმივად ივანიშვილი საქართველოში. ზოგიერთი წყაროს, მათ შორის ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ის საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს, თუმცა სხვა წყაროები უფრო ადრეულ პერიოდს ასახელებენ. ივანიშვილის ორმა ადვოკატმა, რომელთაც Civil.ge სამშაბათს საღამოს დაუკავშირდა, კონკრეტულად ვერ დაასახელა ზუსტი თარიღი. ერთ–ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან Civil.ge–ს განუცხადა, რომ ინიციატივის ამჟამინდელი ფორმულირება მიესადაგება განზრახვას, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს, თუმცა ასევე დასძინა, რომ ეს რედაქცია შესაძლოა არ იყოს საბოლოო და ის შეიძლება მეორე მოსმენით საკითხის განხილვის დროს შეიცვალოს.
კუბლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ღიად განაცხადა, რომ ინიციატივა ემსახურება „ერთადერთ მიზანს“, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მწვავე საპარლამენტო დებატების ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ინიციატივის საბოლოო ფორმულირება „მოულოდნელი“ აღმოჩნდა.
დეპუტატებმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ საერთო–სახალხო განხილვის დროს სხვა ფორმულირება იხილებოდა, ახალი რედაქცია კი საჭიროებს ხელახლა გაიაროს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის დადგენილი ეს აუცილებელი ერთთვიანი პროცედურა.
დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარლამენტი ამგვარი პრობლემის წინაშე იმის გამო დადგა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „გაჯიუტებულია“ და არ სურს „გამოსცეს ერთაბზაციანი განკარგულება და აღუდგინოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს“, რაც, მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან „უმარტივესი გამოსავალი“ იქნებოდა.
საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც შექმნილ ვითარებას „აბსურდული“ უწოდა, განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს პირველი მოსმენით საკითხის მიღებას, თუმცა განხილვის შემდგომ ეტაპზე დააყენებს ალტერნატიულ წინადადებას 10 წლიანი ცხოვრების ცენზის შემცირების თაობაზე. მისი თქმით, ქრისტიან–დემოკრატების მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს და ბიძინა ივანიშვილი „თამაშგარე მდგომარეობაში“ არ აღმოჩნდეს.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაუტოვებს ივანიშვილს იმის შესაძლებლობას, რომ „მსხვერპლის იმიჯი დაიმკვიდროს“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილმა არ გამოიყენა შესაძლებლობა და ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურას არ მიმართა, როგორც მას ეს იუსტიციის სამინისტრომ ურჩია.
„ეს საკონსტიტუციო შემოთავაზება მას აძლევს საშუალებას სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ანუ პოლიტიკურ პროცესში. აი, ბურთი და აი, მოედანი, თუ რამის თავი გააჩნია… ვნახოთ, ამ თანაბარ შეჯიბრში რა შედეგს მიაღწევს,“– განაცხადა მინაშვილმა და დასძინა: „მოიგეთ არჩევნები, მერე შეცვალეთ კანონმდებლობა და დაიბრუნეთ მოქალაქეობა“.
იმავდროულად, 8 მაისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეობის საკითხზე სასამართლოს გზით ბრძოლას აგრძელებენ. მათი თქმით, თვის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი სამოქალაქო რეესტრისა და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლითაც რეესტრის იმ დასკვნის ბათილობას ითხოვენ, რომლითაც ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარი ეთქვა; და ასევე ითხოვენ პრეზიდენტის დავალდებულებას, რათა გამოსცეს აქტი ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატების თქმით, კანონის „უხეშად დარღვევით“ დღემდე არ გამოცემულა.