ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტროს პირადი საიდუმლოების გამჟღავნებაში ადანაშაულებენ

ქართული მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში 3 მაისს მსჯავრებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტი მოექცა მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ მისი ქმარი სასიკვდილოდ სცემეს და ამას, მისი თქმით, სხეულის დაზიანებები მოწმობს.

ეს ბრალდებები არ დაადასტურა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, "ვექტორის" ექსპერტმა, რომელმაც 3 მაისს გარდაცვლილი პატიმრის ცხედარი ოჯახის თხოვნის საფუძველზე შეამოწმა. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტმა დაადატურა სასჯელაღსრულების სამინისტროს თავდაპირველი დასკვნა, რომ ის, რასაც ოჯახი ცემის შედეგად მიყენებულ სხეულის დაზიანებებად მიიჩნევდა, რეალურად ნაწოლები იყო, რაც ექსპერტის თქმით, ციხის საავადმყოფოში პატიმრის არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის შედეგია.

მანამდე 3 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის ბრალდებების საპასუხოდ, რომელშიც პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციაც გაასაჯაროვა. ამას მოჰყვა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშის ვრცელი განცხადება, რომელშიც სამინისტრო კონსტიტუციის დარღვევაში არის დადანაშაულებული პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების გამო. სახალხო დამცველმა სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ საქმის გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ აღნიშნა განცხადებაში, რომ მსჯავრდებული ზურაბ დელიანიძე, რომელიც 6–წლიან სასჯელს იხდიდა ნახევარი კილოგრამი მარიხუანას უკანონო შეძენა/ შენახვის ფაქტის გამო, ციხის საავადმყოფოში 7 მარტს გადაიყვანეს, სადაც დაეწყო „ინტენსიური მკურნალობის“ კურსი, მაგრამ სამწუხაროდ 1 მაისს იგი გარდაიცვალა.

„კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტროს არ სურდა დეტალური ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს ცნობილი გახადოს ზოგიერთი დეტალი: მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელიც საჭიროებს „დეტალურ შესწავლას, თუმცა წინასწარი ვარაუდით, შესაძლებელია, რომ გარდაცვლილ მსჯავრდებულს, ავადობით გამოწვეული ნაწოლები და გვამური ლაქები აღენიშნება“. 

4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა, რომლის თანახმადაც: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის  ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

ტუღუშმა განაცხადა, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საჯაროდ გამოტანა წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას.

„მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტი მოიცავს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევის ელემენტებსაც, ვინაიდან დაავადებათა ის კატეგორია, რომელიც გამჟღავნდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მკვეთრად სცდება მხოლოდ პიროვნების ჯანმრთელობის საკითხებს“, – აცხადებს ტუღუში.

მისი თქმით, სამინისტროს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხისადმი „საზოგადეობის მაღალი ინტერესი“ არსებობდა, „არ წარმოადგენს პირადი საიდუმლოების გამჟღავნების საფუძველს“.

ტუღუშის თქმით, ამგვარი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

„მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები, ხოლო მეორე მხრივ მოვუწოდებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს გაატაროს სათანადო ღონისძიებები სამომავლოდ მსგავსი უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Back to top button