ახალი ამბები

სააკაშვილი ქუთაისის, როგორც ‘მეორე დედაქალაქის’ მნიშვნელობაზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის ქუთაისში გადატანის გზით ამ ქალაქის, როგორც „მეორე დედაქალაქის“, მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის დასავლეთ საქართველოზე, კერძოდ კი აფხაზეთზე, „სრული კონტროლის“ დაბრუნების დასაწყისი.

ეს განცხადებები მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში გააკეთა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, რომლის განახლებული შენობაც წინამდებარე ტერიტორიაზე აშენებულ ახალ შადრევანთან ერთად ქუთაისის ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გახსნა.

მისი თქმით, მთავრობამ „ძალიან კარგად იცის“ რას აკეთებს, როცა ქუთაისის მეორე დედაქალაქად ჩამოყალიბებას ცდილობს და „მე მინდა ავუხსნა ყველას მათ, ვისაც არ უნდა რომ მიხვდეს“. 

„დღეს საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისტერიულად გააფთრებით ეწინააღმდეგებიან იმას, რომ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისში – არ ვიცი თქვენ მოისმინეთ თუ არა, მაგრამ მე ბევრჯერ მოვისმინე – და ეს ხალხი პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს. გარდა იმისა, რომ ისედაც ემსახურებიან, იმ ფერის დროშებში არის გადაწყვეტილი მთელი თავის საქმიანობა“, – განაცხადა მან, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რა ოპოზიციური კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელმაც მაუწყებლობა ორი დღის წინ დაიწყო და მისი ლოგოს ფერები რუსეთის დროშის ფერების მსგავსია.

„მე თქვენ აგიხსნით რატომ ემსახურებიან: საქართველო არის ძალიან ადვილად მართული ჩრდილოეთიდან, თუ ის იმართება ერთი ქუჩიდან [თბილისის რუსთაველის გამზირიდან] მხოლოდ, უფრო მეტიც, კავკასიას მართავდა ერთი ქუჩიდან… ერთი ქუჩით იმართებოდა საქართველოც და ერთი ქუჩით იმართებოდა კავკასიაც, იმათ ფეხებზე ეკიდათ იმ ქუჩაზე თბილისიც და დანარჩენი საქართველოც. ამიტომ იყო, რომ საქართველო ძალიან ადვილად იყო დაყოფადი, თუ ის იმართებოდა ერთი ქუჩიდან მხოლოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მან განაგრძო, აფხაზეთზე და აჭარაზე საუბრით და განაცხადა, რომ თბილისი საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს „ოლუზორულად“ აკონტროლებდა, ხოლო ვარდების რევოლუციამდე „ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მიწა“ – აჭარა – დაკარგული იყო.

„ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში, თორემ სოხუმში არ ისმოდა ქართული ენა. მითხარით რამდენი ქართული სიმღერა არის დაწერილი სოხუმზე? ყველა სიმღერა იყო დაწერილი ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზეც… სოხუმზე არ იწერებოდა. არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.  

„დასავლეთ საქართველო იყო გასული საქართველოს კონტროლიდან“, –  განაგრძო მან, „ყველას დაგვავიწყდა რომ და ყველაზე მაგარი ტყუილი ახლა არის, რომ ‘აი, ჩვენ მიწებს ვკარგავთ’. ჩვენ გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მიწა დაკარგული ვარდების რევოლუციისთვის და მას ერქვა აჭარა და მისი დედაქალაქი ბათუმში. მთლიანად იყო გასული კონტროლიდან, კონტროლდებოდა რუსეთის ჯარების მიერ და იმართებოდა [მოსკოვის ყოფილი მერის იური] ლუჟკოვის და სხვა მოსკოველი მათი დამქაშების მიერ", –აღნიშნა მან და დასძინა: "დასავლეთ საქართველო იყო დაკარგული, მისი დიდი ნაწილი  – აფხაზეთი და აჭარა“. 

„ქუთაისში მეორე დედაქალაქის გადმოსვლა, ისევე როგორც ეს იყო დიდი დავით აღმაშენებლის დროს – ეს არის დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დასაწყისის ძალიან  მნიშვნელოვანი საფუძველი“.

„ჩვენ ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი ისევე, როგორც დავიბრუნეთ აჭარა გასულ წლებში“, – განაცხადა სააკაშვილმა მხედველობაში ჰქონდა რა 2004 წელს აჭარის რევოლუციის დროს განვითარებული მოვლენები. 

„და ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკა. საქართველო იყოფა დასავლეთად და აღმოსავლეთად, ისინი ძალიან უნიკალურები არიან,“– განაგრძო მან, „ჩემი ოჯახი არის დასავლეთ საქართველოდან და აღმოსავლეთ საქართველოდან. ჩემი გული, ჩემი სხეულის ყველა ორგანო, ჩემი მენტალიტეტის ძალიან დიდი  ნაწილი ეს არის აფხაზეთი და მთლიანად დასავლეთ საქართველო, მაგრამ მეორე ნაწილი ჩემი არსებობის ეს არის აღმოსავლეთ საქართველო". 

"წარმოუდგენელი აურაა და ატმოსფერო ჩემთვის ანაკლიაში – ეს არის ჩემი მიწა და მინდა, რომ იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები. მაგრამ ასევე ჩემი მიწა არის კახეთში, სადაც სახლი მაქვს", – აღნიშნა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, თბილისის მნიშვნელობა ქუთაისის როლის გაზრდით არათუ „კნინდება“, არამედ ის რჩება კავკასიის რეგიონის ცენტრად.

„თბილისი ეს არის საქართველოს კი არა მხოლოდ, ეს არის მთელი კავკასიის დედაქალაქი – თბილისი არის დედაქალაქი სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის გარკვეულწილად… აბა კითხეთ დაღესტანის მრავალრიცხოვან ხალხებს, ინგუშებს, ჩეჩნებს, ოსებს ჩრდილოეთიდან რას ფიქრობენ ისინი თბილისზე  – თბილისი, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული, კულტურული, ეკონომიკური, ისტორიული ცენტრი ყველა ამ ხალხისთვის“, – განაცხადა მან.

„იმის გამო, რომ ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს კავკასიელ ძმებს, იმის გამო, რომ გამოვაცხადეთ ახალი კავკასიური პოლიტიკა, იმის გამო, რომ საქართველო გახდა მართლაც მთელი რეგიონის მისაბაძი მაგალითი რეფორმების და ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, თბილისის მნიშვნელობა არის უფრო დიდი, ვიდრე არასდროს“, – აღნიშნა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში.

თუმცა, მისი თქმით, თბილისი არ შეიძლება იყო „თავკომბალა“ და მას სჭირდება „განტვირთვა, დეცენტრალიზაცია და გარკვეული ფუნქციების გარეთ გატანა“.

„ამიტომ შემოდის აქ ქუთაისის როლი განსაკუთრებით“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი, რომლის შენობის მშენებლობაც გამალებული ტემპებით მიმდინარეობს, მაინც გამართავს პირველ სხდომას 26 მაისს ახალ შენობაში და ოქტომბრიდან "სამუდამოდ დაიმკვიდრებს თავის ადგილს ქუთაისში“ მიუხედავად იმისა, „ვინც რა არ უნდა იხმაუროს, მათ შორის ჩვენი მტრების დაკვეთით“.

„მათ ძალიან აღიზიანებთ ეს პროცესი  – ერთია, როცა ერთი ქუჩა გაქვს ასაღები თბილისის ცენტრში, და ერთია, რომ მთელი საქართველო მთლიანად უნდა გააკონტროლო, ამიტომ ეს არის ჩვენი მტრების და მათი აგენტების, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოტივაცია, როცა ისინი ებრძვიან პარლამენტის გადმოტანას, ისევ რუსულ ფულზე დაკრული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს შუაგულში მდებარე პარლამენტში „მთელი საქართველოდან მოვლენ დეპუტატები და იქნება გეოგრაფიული და ნამდვილი სწორი წარმომადგენლობა და არა დამახინჯებული საქართველოსი“.

სააკაშვილი თავის გამოსვლაში ვრცლად შეეხო ასევე ქვეყანაში მიმდინარე „აღმშენებლობას“.

„არასდროს არცერთ ეპოქაში, დავითის და თამარის ეპოქის შემდეგ, საქართველოში მთლიანობაში და მათ შორის, მის დედაქალაქში თბილისში მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა აღადგინა მასზე კონტროლი, არ ყოფილა ერთბაშად ამდენი აღმშენებლობა, რომელიც არის ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში და  სამჯერ–ოთხჯერ მეტი იქნება შემდეგი წლების განმავლობაში“, – განაცხადა მან და იმავე სიტყვაში გამოვიდა მიმართვით, რომ ამ საქმეების გასაგრძელებლად მისცენ „კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი“.

Back to top button